დმანისზე შეყვარებული სვანი მსახიობი, რომელმაც რეგიონში ულიდერო პროტესტს ჩაუყარა საფუძველი - მანქანაში შიმშილობის 7 დღე და ლაშა ჩხვიმიანის გზავნილი
ლაშა ჩხვიმიანის წარმოშობით სვანია. ცხოვრობს დმანისში და გამორჩეულად უყვარს ეს ქალაქი, რადგან იქ დაიბადა და გაიზარდა. საოცარი პატრიოტია და თავისი მუნიციპალიტეტისთვის მუდმივად რაღაც სასიკეთო საქმის გაკეთებას ცდილობს...
პროფესიით მსახიობია, ბოლო დროს მასობრივად უწყვეტი პროტესტის დღეებში გაიცნეს, როდესაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, 30 იანვარს შიმშილობა გამოაცხადა. 7 დღის შემდეგ ლაშამ შიმშილობა შეწყვიტა.როგორ გრძნობს შიმშილობის შემდეგ თავს, რაზე წუხს, რას აპროტესტებს, რა მოლოდინი აქვს და ამ ეტაპზე რას საქმიანობს, ამაზე AMBEBI.GE-მ მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
- თავს კარგად ვგრძნობ, რამდენიმე დღე პატარა ჩივილები მქონდა, რაც ბუნებრივი იყო, მაგრამ იმაზე მხნედ ვარ, ვიდრე შიმშილობამდე ვიყავი. იმ 7 დღის განმავლობაში სულ უფრო მემატებოდა მხნეობა, იმედი და რწმენა, რომ საზოგადოება იმ მდგომარეობაში არ არის, რომ უსამართლობას შეეგუოს... დმანისელები და არა მარტო ისინი, აქტიურად მოდიოდნენ, ვსაუბრობდით, ვთანხმდებოდით იმაზე, რომ ქვეყანაში უსამართლობას ვხედავთ და ვგრძნობთ. არვინ მოსულა, ვინც შინაარსში შემომედავებოდა, თუნდაც საკრებულოს და მერიის თანამშრომლებიც. თუმცა ზოგი იმიტომ მოდიოდა, ჩემზე მანიპულირება მოეხდინა, ზოგი გულწრფელად და სიყვარულით მეუბნებოდა, რომ ჩემი პროტესტის ფორმა არასწორი იყო, რომ ამის გამო ჩემი ახლობელი ადამიანები ნერვიულობდნენ და შემეძლო, პროტესტის სხვა ფორმისთვის მიმემართა.
- როგორც ცნობილია, დედათქვენიც შიმშილობდა...
- დიახ, ჩემი გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო, ამიტომ შიმშილობა თვითონაც დაიწყო. სანამ დაველაპარაკებოდი, მანამდე 4 დღე შიმშილობდა... იმასაც მეუბნებოდნენ, რომ დედა არ გაჩერდება და ამიტომ, შენ უნდა გაჩერდე... საერთოდ, დედამ, მეუღლემ, მეგობრებმა ჩემი შიმშილობის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგეს. ისე გამოვედი გარეთ, არავისთვის მითქვამს.
- ამ ნაბიჯით სოლიდარობას უცხადებდით ქალბატონ მზია ამაღლობელს, თუ ზოგადად ჩვენში არსებული მძიმე პოლიტიკურ სიტუაციას აპროტესტებდით? რა იყო თქვენი კონკრეტული გზავნილი?
- ყველაფერი ერთად... სანამ იმ ღამით, 12 საათზე დმანისის ცენტრში გამოვიდოდი და დავდგებოდი, მანამდე ამაზე დიდხანს ვფიქრობდი და განსაკუთრებით იმ დღით. ჩემს თავს ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ სხვანაირად ვერ შევძელი, ამას სახლიდან გამოსვლისას ისიც დაემატა, რომ „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ვუყურე, სადაც ქალბატონ მზიაზე ცინიკურად ლაპარაკობდა... ეს იყო ბოლო წვეთი და გაბრაზებული გამოვედი. ჩემი მთავარი მოთხოვნა, სამართლიანი არჩევნებია და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში გამოსული უკანონოდ დაპატიმრებული მომიტინგეების გათავისუფლება.
შიმშილობის არც პირველ დღეს და არც რომელიმე დღეს იმედი და იმის ილუზია არ მქონდა, რომ ამის გამო ხელისუფლება შეირყეოდა, ამ ადამიანების მიმართ ემპათია გაუჩნდებოდა, ვინმე აზრს შეიცვლიდა, პატიმრებს გაათავისუფლებდნენ და არჩევნებს დანიშნავდნენ. იქ ხალხის, დმანისელების იმედით გამოვედი, რომლებთან საუბრისას მანამდე სიტყვებმა ძალა დაკარგა. თუ სიტყვებმა ძალა დაკარგა, ამას ჩემი მოქმედებით ვაჩვენებ-მეთქი.
- ე.ი. მანამდე დმანისელებთან გქონდათ აქტიური დიალოგი...
- აქ დაბადებულ-გაზრდილი ვარ, აქ ვცხოვრობ, დმანისის თეატრში 4 წელი ვიმუშავე. აქვე არასამთავრობო ორგანიზაცია და სივრცე - „შეხვედრის ადგილი“ შევქმენით, სადაც საზოგადოებასთან აქტიური შეხვედრა მაქვს სხვადასხვა აქტივობით, პროექტებით. შესაბამისად ხშირად მიწევს მათთან საუბარი, ასევე ახლობლებთან, სოფლის მოსახლეობასთან. ვთანხმდებოდით, რომ საქმე ცუდადაა, მაგრამ მერე ცხოვრებას ისე ვაგრძელებთ ვითომც არაფერი... თუ ვამბობთ, რომ საქმე ცუდადაა, მაშინ უნდა ვიმოქმედოთ. ჩემი ნაბიჯიც მოქმედება იყო, რომ მათთვის შოკის ეფექტით დამენახებინა, - დიახ, უნდა ვიმოქმედოთ და უსამართლობაზე თვალი არ დავხუჭოთ. იხილეთ სრულად