"თუ დადებითი პასუხი მივიღე, "ევროვიზიისთვის" თავს გადავდებ, ამერიკაში ყველა პროექტს დავაპაუზებ"- ნინი ბრეგვაძე ამერიკულ ცხოვრებასა და მასშტაბური კონკურსის მოლოდინზე
სიმღერებზე აქტიურად ვმუშაობ. თავადაც ვწერ, ვცდილობ, დემოებიც სახლში გავაკეთო. მერე ჩემს მენეჯერს ვასმენინებ, რომელიც მიფასებს... ხელს მიწყობს იმაში, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტი გამოვუშვათ. ბოლოს ერთი სიმღერა დავწერე და მივხვდი, რომ საევროვიზიოდ გამომადგებოდა, თუკი ამ კონკურსში ჩავერთვებოდი. თან, ხალხისგან ბევრი წერილი, შეტყობინება მომდიოდა, რომ ევროვიზიაზე საქართველო მე წარმედგინა. ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი.
სიმღერა ივლისში დავწერე და მინდოდა, „პირველი არხისთვის“ კარგი პროდუქტი გამეგზავნა. ამისთვის ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში ჩავედი, რომ მის არანჟირებაზე წარმატებულ პროდიუსერებთან მემუშავა" - გვეუბნება ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ამერიკული "ვოისის" ნახევარფინალისტი ნინი ბრეგვაძე.
ადამიანი, რომელიც 19 წლის ასაკში ამერიკაში, სრულიად მარტო, დიდი შემართებით საკუთარი ოცნების ასახდენად წავიდა. შრომა და ენერგია არ დაუკლია საკუთარი ჩანაფიქრის, მიზნის მისაღწევად...
როგორ აფასებს აშშ-ში გატარებულ 10 წელიწადს, ქვეყანას, სადაც ამ ეტაპზე ცხოვრება უწევს და წარადგენს თუ არა წელს საქართველოს "ევროვიზიაზე", ამაზე გულახდილად გვესაუბრა.
- გასულ წელს ამერიკის 4 ქალაქში, სექტემბრიდან დეკემბრამდე ტურნე მქონდა. საკმაოდ კარგად ჩაიარა, გული სითბოთი და სიყვარულით ამევსო. იმედია, საქართველოშიც მეღირსება მსგავსი ტურნე...
- საბოლოოდ გააგზავნეთ თქვენი ნამუშევარი "პირველ არხზე" საევროვიზიოდ?
- სიმღერა ჩემმა საქართველოში მყოფმა მენეჯერმა გააგზავნა. მათგან დასტური მოვიდა, რომ მიიღეს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ გვაქვს, შეხმიანებას ველოდებით. რაც ნამუშევარიც გავაგზავნე, თუ არ მოეწონებათ, მზად ვარ, სხვა განვიხილოთ და ახალი სიმღერის დაწერაში მათთან ერთად ვიმუშაო. მთავარია, რასაც კონკურსზე წარმოვადგენ, ჩემი მაქსიმალური არტისტულობა ჩანდეს. არ მინდა, ხალხის წინაშე აბსოლუტურად სხვა ადამიანი წარვდგე. როგორც აღვნიშნე, აუცილებელი არ არის, კონკურსზე კონკრეტულად ამ სიმღერით წარვდგე. მისი გაგზავნა ჩემი კანდიდატურის წარსადგენად გადავწყვიტე.
- მოკლედ, ჯერ არ იცით, "ევროვიზიაზე" საქართველოს წარადგენთ თუ არა?
- არ ვიცი. შესაძლოა, მე არც წარვადგინო, თუმცა ვისაც ეს პატივი ექნება, წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ვნახოთ, ალბათ მალე გავიგებთ ყველაფერს. თუკი დადებითი პასუხი მივიღე, მე ამ კონკურსისთვის თავს გადავდებ და იმისთვისაც, რომ საქართველო ღირსეულად წარვადგინო. ამერიკაში ჩემს ყველა პროექტს დავაპაუზებ...
- 2015 წელს საქართველოში, მეგაშოუში "X ფაქტორი" მეორე ადგილი დაიკავეთ. იმის მერე, 19 წლის ასაკში, სრულიად მარტო ამერიკაში წახვედით. რატომ?
- ეგ კონკურსი და ეგ პერიოდი კარგად მახსენდება. მანდ ეტაპებიც საკმაოდ წარმატებით გავიარე. ყველაფერი იყო არაჩვეულებრივი, მეორე ადგილზე გული არ დამწყვეტია. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ვინმეზე ნალები ვარ თუ მეტი. იმ შოუს შემდეგ ვფიქრობდი, რომ მეტი განვითარება შემეძლო, რის შესაძლებლობაც საქართველოში ვერ ვხედავდი. არადა, ძალიან მინდოდა, მეტი განათლება და გამოცდილება მიმეღო იმ ქვეყანაში, სადაც შოუ-ბიზნესი მაღალ დონეზეა განვითარებული და კონკურენციაც უფრო დიდია. ასეთ ქვეყნად ამერიკა მივიჩნიე. ჩემი აზრით, სადაც ასეთი კონკურენციაა, მით მეტი საშუალებაა იმისთვის, რომ უკეთ განვითარდე...
აქ ჩამოსვლის შემდეგ ვმუშაობდი - ქორწილებში ვმღეროდი ბენდებში, წარმოიდგინეთ, რომ ამერიკაში ამითაც კი დიდი გამოცდილება დავაგროვე... საერთოდ აქ წამოსვლა, მუსიკალურად მეტად განვითარება ოცნებად მქონდა გადაქცეული. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მოხდა, რომ ის პროექტებიც, რაშიც მანამდე ვმონაწილეობდი, იმისკენ მიდიოდა და იმისთვის მამზადებდა ფინანსურად, ვოკალურად, ფიზიკურად, რომ აქ წამოვსულიყავი...
"X ფაქტორის" მერე საქართველოში ალბომი ჩავწერე, რითაც მადლობა მინდოდა, ადამიანებისთვის გადამეხადა. ის იყო ჩემი სამადლობელი: გიტოვებთ ალბომს და ამერიკაში მივდივარ, რომ მეტი წარმატება მოვუტანო საკუთარ თავს და ჩემს ხალხს. მიხარია, როცა ქართველებისგან ჩემი მისამართით თბილ და სიყვარულით სავსე კომენტარებს ვკითხულობ. იხილეთ სრულად