“გთხოვთ ყურადღებით იყოთ - შეამოწმეთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში“ - “თბილისი ენერჯის“ განცხადება
დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა - 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო, რისთვისაც “თბილისი ენერჯის“ შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან.
“შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000 - მდე აბონენტს შეუწყდა.
ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. ეს პროცესი დროს და სიფრთხილეს მოითხოვს, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით იყოთ - შეამოწმეთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სმს-ით მიიღებთ.
“თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გაზმომარაგების აღდგენა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება 11 თებერვალს დღის ბოლომდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.