თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის - რას წერს ყოფილი პოლიტიკოსი
თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. კორძაიას თქმით, გადაწყვეტილება რთულია და იცის, რომ არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვება, თუმცა გასაგებია.
"მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ - მივდივარ პოლიტიკიდან.
2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ - არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყვეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვება, ესეც გასაგებია.
ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად", - წერს კორძაია "ფეისბუქზე".
თამარ კორძაია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" სიით იყრიდა კენჭს.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 მანდატი მოიპოვა. თამარ კორძაიას, ისევე როგორც გაერთიანების დანარჩენ წევრებს, პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატი შეუწყდათ