"მე და ჩემი ძმა წლებია, თბილისში ერთად ვცხოვრობთ, მშობლები თერჯოლაში არიან.. მათ ახლა ჩემი იმედი აქვთ" - რას ჰყვება პატიმრობაში მყოფ იუმორისტზე ძმა
"მე და ონო ბოლო 2 წელია, ერთად ვცხოვრობთ. ისეთი ურთიერთობა გვაქვს, შეიძლება კვირები არ დაველაპარაკოთ ერთმანეთს, მარა სულ რადარზე გვყავს ერთმანეთის ლოკაცია და მდგომარეობა. 5 დეკემბრის მერე სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, ვერაფერს გულით ვერ ვაკეთებ. და რისთვის?" - ეს სანდრო ცხადაძის ფეისბუქ პოსტის ნაწყვეტია. სანდრო იუმორისტ ონისე ცხადაძის ძმაა, რომელიც აქციების პერიოდში დააკავეს.
ის ძმის გასათავისუფლებლად აქტიურად იბრძვის... 5 მარტსაა ონისე ცხადაძის სასამართლო ჩანიშნული. რა მოლოდინი აქვს მას, როგორ გრძნობს თავს დაპატიმრებული ონისე და რას ამბობს სანდრო ცხადაძე საკუთარ ძმაზე, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ:
- შვილებდაპატიმრებულ მშობლებთან ერთად თქვენც აქტიურად იბრძვით. თქვენი მშობლები სად არიან?
- ჩვენი მშობლები ქალაქ თერჯოლაში ცხოვრობენ და სამწუხაროდ ისეთ ჩართულობას, როგორც სხვა დაკავებულების მშობლები, ამიტომ ვერ ახერხებენ. თან რადგან მე ვარ აქეთ, ჩემს იმედადაც არიან. აქ რომ არ ვიყო, მათაც მოუწევდათ აქტივობა.
- როგორც უფროსი ძმა ონისეს მიმართ მზრუნველობას იჩენთ... თქვენი ძმობა იმ სტატუსშიც კარგად გამოჩნდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაწერეთ...
- ონისეზე 2 წლით უფროსი ვარ. მე და ჩემი ძმა უკვე წლებია, ერთად ვცხოვრობთ. როგორც სტატუსში მეწერა, შეიძლება კვირები არ დაველაპარაკოთ ერთმანეთს, გვერდით ოთახში იჯდეს, იმუშაოს, საქმე აკეთოს, მაგრამ ჩვენ შორის მყარი ბმაა. ისე გაგვზარდეს მშობლებმა, რომ ერთმანეთი უანგაროდ გვყვარებოდა და ერთმანეთს გვერდით დავდგომოდით... სანამ ჩემს ძმას დააკავებდნენ, მანამდე, 24 ოქტომბერს, ჩემთანაც იყო შემოსული ფინანსური პოლიცია.
სხვა ამბავი იყო, თაღლითობას ედავებოდნენ იმ კომპანიას, რომელშიც მე ვმუშაობ. 5 თანამშრომელთან დილის 8 საათზე სახლებში შემოვიდნენ. მაშინ დაკითხვაზე მეც ვიყავი გადაყვანილი და ჩემი ძმა დარბოდა - ყველაფერი გააკეთა, რომ ხალხისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა. მოწმის სტატუსით ვიყავი და იმ დღესვე გამომიშვეს. ეგ საქმე მალე დამთავრდა, რა თქმა უნდა, რადგან არასერიოზული იყო... ჩვენი კომპანია, ბაზარზე სახელმწიფოს შემოყვანილია „აწარმოვე საქართველოში“ - პროგრამის ფარგლებში... ჩემმა ძმამ ის ყველაფერი ძალიან ემოციურად მიიღო. მერე ყველაფერი შეტრიალდა და ონისე დააკავეს... 5 მარტს სამი თვე გახდება, რაც დატყვევებულია და 5 მარტსაა მისი პროცესი ჩანიშნული.
- თქვენ რა პროფესია გაქვთ?
- უმაღლესი სამედიცინო განათლება მაქვს. სამედიცინო უნივერსიტეტი 2017 წელს დავამთავრე. ექიმი ვარ, მაგრამ პროფესიით არ ვმუშაობ. კომპანიაში, რომელიც ვახსენე, სრულიად სხვა განხრით ვსაქმიანობ, კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით - სტატისტიკის ანალიტიკოსი ვარ. სამედიცინო კუთხითაც მიმუშავია და ამ მიმართულებით გეგმები მაქვს. უბრალოდ რადგან ამ ქვეყანაში ყველაფერი ისე არ არის, გიწევს რამდენიმე ადგილას მუშაობა.
- ონისეს დაკავებას ელოდით და მასთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ?
- როცა აქციაზე გავდივართ, ასე თუ ისე ცემას, დაკავებას ყველა ველოდებით, მაგრამ ასე სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებას, ჯგუფური ძალადობის ბრალდებას და 4-დან 5-წლამდე პატიმრობის შეფარდებას, რა თქმა უნდა, არ ველოდით. აბსოლუტური შოკი იყო... ონისე სოფელში, თერჯოლაში აიყვანეს, შოკში იყო მთელი ჩემი ოჯახი, ანუ მათთვისაც ძალიან რთული აღმოჩნდა... მამაჩემი, ბებიაც სახლში იყო, დედაჩემს დაურეკეს და მოიყვანეს, ანუ როცა გაჰყავდათ, ყველანი სახლში იყვნენ, ემოციურად ძალიან გაუჭირდათ... მოლოდინს რაც შეეხება, დადებითი მოლოდინი მაქვს. ბრძოლაში ვართ და ამ დროს პესიმისტურად ყოფნა არ შეიძლება. არ გავჩერდებით და, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს, ყველას გამოვიხსნით. იხილეთ სრულად