ცნობილია 8 პირის ვინაობა, რომელსაც შსს სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება
"ამ წუთის ინფორმაციით, თბილისი მოლის წინ გამართული აქციის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს: დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა, ირაკლი წიგნაძე, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუპატაძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე" - ამის შესახებ კოალიცია „ცვილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიება 8 პირის წინააღმდეგ, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.
აღსანიშნავია, რომ "სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 18 ივნისს მიღებული №407-ე დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ნუსხაშია შესული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთს სრულად მიეკუთვნება აღმაშენებლის ხეივანი.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, დაიწყეს შეკრება და მოგვიანებით, მსვლელობით თბილისის გასასვლელის მიმართულებით გადაინაცვლეს. შეკრების ადგილებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებთან.
მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადებებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აქციის წევრებს არ მოეხდინათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება, შეკრების დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეთა ნაწილი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გადავიდა გზის სავალ ნაწილზე და შეეცადა საავტომობილო გზის ბლოკირებას.
სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, დაკავებულია 8 პირი.
საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
რას ამბობენ ადვოკატები?
დაკავებული ირაკლი წიგნაძის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, რომ სასამართლო შეასრულებს დავალებას, შეასრულებს ზუსტად იმ ბრძანებას, რომელსაც სისტემა დაავალებს მას.
"თუ მას ბრალი უკვე წარუდგინეს, რა თქმა უნდა, უდიდეს პროცედურულ დარღვევას აქვს ადგილი, რადგან ყველამ იცოდა, რომ ადვოკატი ვიყავი. იზოლატორში იყო ჩემი ორდერი, ე.ი. სისტემამ იცოდა, რომ მას ჰყავდა ადვოკატი, ე.ი. ყველანაირი უფლებრივი დარღვევით წაუყენეს ბრალი. მაგრამ თუ ამ მომენტში ბრალი არ არის ჯერჯერობით წაყენებული და შსს-მ უბრალოდ თქვა, რომ გამოძიება დაიწყო, ესეც, რა თქმა უნდა კანონდარღვევაა. ჯერ გამოიგონეს რაღაც ახალი მუხლი, შემდეგ ამ მუხლის საფუძველზე დააკავეს თავისუფალი ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვის უკან თავის ცოლთან ერთად გაუსწორდნენ მანქანაში.
ყველა ხედავდა რომელი ადამიანი გაუსწორდა და დღემდე ის ადამიანი დაკავებული არ არის, ის არის პოლიციის მაღალჩინოსანი. დღეს, როცა უკვე მეორეჯერ გაუსწორდნენ, სხვა ქუჩაზე გზის გადაკეტვის დროს, როცა მათ გზა არ გადაუკეტიათ და სისტემა აბრალებს, რომ გზა გადაკეტეს. იქაც სცემეს, პირდაპირ ხარება გაუსწორდა. ამ თავისუფალ ადამიანებს დღეს აკავებენ და სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. ახლა თქვენ გგონიათ აღკვეთ ღონისძიებაზე რამეს გაითვალისწინებენ? სასამართლო შეასრულებს დავალებას, შეასრულებს ზუსტად იმ ბრძანებას, რომელსაც სისტემა დაავალებს მას. კანონი დარღვეულია, სამართალი ამ სასამართლოში არ არსებობს. ახალგაზრდა ბიჭი მტკიცებულებების გარეშე არის დაკავებული“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.