"კურორტი პარალიზებულია" - რა ხდება ბაკურიანში და რას პასუხობს დამსვენებლების პრეტენზიებს ბაკურიანის განვითარების სააგენტო
ბოლო რამდენიმე დღეა ბაკურიანში ჩამსვლელი დამსვენებლები დაბაში მუდმივ საცობებზე, ყინულით დაფარულ საფეხმავლო ბილიკებზე, შეზღუდულ საპარკინგე სივრცეებსა და ნარჩენების მართვის პრობლემაზე საუბრობენ. ბაკურიანის პარალიზება, როგორც ამბობენ, კურორტის სატრანსპორტო და არათანაბარი განაშენიანების პოლიტიკის ერთმანეთთან აცდენამ განაპირობა.
საპარკინგე ადგილების ნაკლებობა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა სახის სოციალური ობიექტების ნაკლებობა ბაკურიანისთვის არახალი პრობლემაა და აქტიურ პერიოდში განსაკუთრებით თვალში საცემია. ამ პრობლემებზე საუბარი წლებია, სეზონურად აქტიურდება, თუმცა ჯერ-ჯერობით მათი დიდი ნაწილი გადაუჭრელი რჩება. ბაკურიანი რომ წლევანდელ სეზონსაც ბევრი პრობლემით შეხვდა, ამას აღიარებს ბაკურიანის განვითარების სააგენტოც.
AMBEBI.GE- სთან საუბრისას სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე აღნიშნავს, რომ წლევანდელი გრძელი საცობების მთავარი მიზეზი დამსვენებლების განსაკუთრებით დიდმა ნაკადმა განაპირობა. რესპონდენტი დაბის პრობლემებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე გვესაუბრება:
"ბაკურიანში გამოწვევები ზოგადად ბევრია, ეს არის ათწლეულობით დაგროვილი პრობლემები. ჩვენდა სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე ბაკურიანის გარშემო ბევრი პრობლემა დავაგროვეთ, რაც ძალიან ცუდია. წელს რაც ხდება, დამსვენებელთა და ავტომობილების რა ნაკადიც გვაქვს, ასეთი არ ახსოვს ბაკურიანის ისტორიას. მოგეხსენებათ, რომ ბაკურიანი პატარა კურორტია, ქალაქი არ არის და ისეთი საცობია, ენით აუწერელი, კატასტროფა ხდება. ისიც მესმის, ადამიანებს ჩამოსვლას ვერ აუკრძალავ, არდადეგებია და აქ მოდის უმრავლესობა.
ბევრ ევროპულ ქვეყანაში არდადეგებიც კი ჯაჭვურად არის გადანაწილებული, რათა კოლაფსი არ მოხდეს, ან მერე ერთიანად არ დაიცალოს კურორტი, ანუ ყველაფერზე წინასწარაა ნაფიქრი. ჩვენთან ასე არ არის, სამწუხაროდ. დამსვენებლების უკმაყოფილება გამოიწვია საცობებმა, ზოგჯერ ოჯახიდან 5 მანქანით მოდიან დასასვენებლად და ამაზე თავად უნდა იფიქრონ. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ საფეხმავლო აღარ არსებობს, 100-200 მეტრშიც კი ყველა მანქანით გადაადგილდება, მანქანებს საფეხმავლოებზე აყენებენ. ყველაზე დიდი პრობლემაა საპარკინგე სივრცეების არქონა, ეს აუცილებლად მოსაწესრიგებელია. გაზი, წყალი და კომუნიკაციები წესრიგშია და ნორმაში, დებეტი იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროებაა. იხილეთ სრულად