"ჯერჯერობით ჩემს კაბინეტში ცხოვრობს... სერიოზული ვოლიერია მისთვის ასაშენებელი, რადგან ძალიან ძლიერი ცხოველია" - რას ამბობს ზურაბ გურიელიძე ბექაურის ნაჩუქარ ბოკვერზე
"ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია," - წერს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. ის თბილისის ზოოპარკის დირექტორთან ზურაბ გურიელიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც ირკვევა ბოკვერი, რომელიც სკანდალად ქცეულ ვიდეოში ჩანდა, უკვე თბილისის ზოოპარკშია.
AMBEBI.GE ზოოპარკის დირექტორს ზურა გურიელიძეს ესაუბრა:
- ლაშამ ბოკვერი ზოოპარკში მოიყვანა. თქვენთვის ცნობილი ხომ არ გახდა, რა გზებითაა ბოკვერი ქვეყანაში შემოყვანილი?
- არ უთქვამს. ალბათ მას გარემოს დაცვის სამინისტროსთან ექნება ურთიერთობა, ეს საკითხი ამ სამინისტროს ეხება. ჩემი კომპეტენცია არ არის. გარემოს დაცვის სამინისტრო იყო ჩართული და იმედია, როცა ყველაფერი გაირკვევა, მეტი ინფორმაცია გვექნება. ალბათ გარკვეული პროცედურებია ჩასატარებელი.
- რამდენი თვისაა ბოკვერი?
- დაახლოებით 2 თვის და ცოტა მეტის.
- რამდენ ხანში შეიძლება ის ადამიანისთვის სახიფათო გახდეს?
- ინდივიდუალურია, მაგრამ ჩვენი გამოცდილებით, 4 თვიდან შესაძლებელია დამაზიანებელი იყოს - 4 თვიდან იწყებენ ინტენსიურ თამაშებს. მაგ დროს შეიძლება ბრჭყალებით ადამიანს სერიოზული ზიანი მიაყენოს.
- რას უპირებთ?
- რასაც სხვა ცხოველებს ზოოპარკში, იმავეს - მოვუვლით და გავზრდით. თუმცა ამ ეტაპისთვის მზად არ ვართ - ვოლიერიც არ გვაქვს. დიდ ლომებთან როდესაც ცხოველების ჩასმა ხდება, ეს პროცედურა მაშინაც ფრთხილად უნდა მოხდეს, მაგრამ ამ ასაკში ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ასე რომ, სასწრაფოდ უნდა გავუკეთოთ ვოლიერი. ჯერჯერობით ჩემს კაბინეტში ცხოვრობს. შესაბამისად უნდა მოვუწყოთ ვოლიერი და დავიწყებთ ამის გამზადებას. სანამ პატარაა, თავიდან დროებითს გავუკეთებთ, დიდი დროც არ გვაქვს. რეალურად საკმაოდ სერიოზული ვოლიერია ასაშენებელი. ძალიან ძლიერი ცხოველია. იხილეთ სრულად