“არ მინდა ჩემი ქვეყანა დაბნელდეს - არ შეიძლება რომ სამოქალაქო ომამდე მივიდეთ, არ შეიძლება გაუთავებლად გვატყუებდნენ ხან ყოფილი ხელისუფლებით, ხან ომით“ - ნინო სუხიშვილი “ხორუმსა“ და მიმდინარე მოვლენებზე
ანსამბლ “სუხიშვილების“ დირექტორმა, ნინო სუხიშვილმა “ტელეკომპანია პირველთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასა და წუხილი გამოხატა აქციაზე დაკავებული, ნაცემი ახალგაზრდების გამო.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული “გახლეჩილი საზოგადოება“ მთავრობის პასუხისმგებლობაა.
“მინდა სოლიდარობა გამოვხატო ყველა პატიმრის, დაზარალებულის, ნაცემის, დასახიჩრებული ადამიანის მიმართ, რომელიც ასე უმოწყალოდ გაიმეტა ჩვენმა ე.წ. ხელისუფლებამ. იმ ახალგაზრდებს, ვინც ქუჩებში დგანან უკვე თითქმის ერთი თვეა, შიში არ აქვთ. მათ ვერავინ შეაშინებს. ეს რისკიანი თაობაა, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნისთვის, მომავლისთვის და თავისუფლებისთვის.
თავისუფლება ხომ მხოლოდ სიტყვა არაა, მას მოპოვება უნდა, ბრძოლაა საჭირო და ეს ის თაობაა, რომელიც არ გაჩერდება, არავის დაემონება. მათ არ უნდათ რუსეთის გუბერნიად გადააქციონ საქართველო, მათ უნდათ მომავალი. ეს ის თაობაა, რომელშიც პირიქით, უნდა ჩადონ ინვესტიცია, გვერდში დაუდგნენ და მოუსმინონ. რატომ არის დღეს გახლეჩილი საქართველო? - ეს ხომ მთავრობის პასუხისმგებლობაა? როდესაც ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ის არ არის შენი მოქალაქე. მთავრობაა დამნაშავე რომ დღეს ერი შუაზეა გახლეჩილი. ახალგაზრდები მთელი ღამით დგანან ქუჩაში. ეს ხომ 100 ათასობით ადამიანია, მართლა 300 და 400 კაცი ხომ არ არის.