"ნატოს შვილთან შეხვედრის კადრები რომ ვნახე, მისი ცხოვრება თვალწინ დამიდგა... შვილი არ გაუჩნდათ და გაჩნდა სანდრო..." - ისტორია დედა-შვილზე, რომლის კადრები უამრავმა ადამიანმა ნახა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 18 წლის სანდრო ქინქლაძე, რომელსაც სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, გუშინ გათავისუფლდა. უამრავმა ადამიანმა ნახა კადრები პირდაპირ ეთერში, როდესაც სანდრო გათავისუფლების შემდეგ კომენტარს მედიას აძლევდა და მასთან მოულოდნელად დედა მივიდა. დედა-შვილის ემოციურ შეხვედრას უამრავი გამოხმაურება აქვს.
სანდრო ქინქლაძის დედამ ნატო სალაყაიამ შვილის დაკავების შემდეგ სოცქსელში დაწერა:"მე სანდრო ქინქლაძის დედა ვარ. ყველას კომენტარი წავიკითხე, როგორ გყვარებიათ ჩემი ანარქისტი ანანია. მას სამშობლოს სიყვარულისთვის თავისუფლება აღუკვეთეს. ეს უსამართლობაა. უსამართლობისთვის მებრძოლი მრავალი გმირი ახსოვს საქართველოს.
თქვენც შეხვალთ ისტორიაში, როგორც ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი თაობა. ყველას უღრმესი მადლობა სანდროს ქომაგობისთვის. ჩემი გამხდარი ბიჭი რომ მიცემოს ვინმემ, რა ვქნა? ყველას დაგლოცავთ სანდროს თამადობით! გეცხოვროთ გაბრწყინებულ საქართველოში!".
ბოლო დღეებში სანდრო ქინქლაძისა და მისი მშობლების ისტორია ბევრმა მოისმინა. ამჯერად საინტერესო ამბავს წერს ჟურნალისტი დუდანა ზაქარაია, რომლის დეიდაშვილია სწორედ გუშინ გათავისუფლებული 18 წლის ბიჭი.
"დეიდაჩემზე უნდა მოგიყვეთ. მის გარდა კიდევ ორი დეიდა მყავდა, ორივე ტრაგიკული ბედით, ერთი ბაგრამიანის ბატალიონის ქალებმა მოგვიკლეს ომის დროს, მეორეს შვილი მოუკლეს და სულ ახლახან კიბოთი გარდაგვეცვალა - დებმა ენგურის ხიდზე გადააცილეს, რადგან შვილთან უნდოდა დასაფლავება. ასე გამოიტირეს ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანი, რადგან იცოდნენ, უკვე ვერასოდეს ნახავდნენ.ყველაზე უმცროსი და - ნატო, რომ ამბობენ, დეიდას დედის სუნი ასდისო, ეგ იყო ნატო ჩემთვის. არასოდეს დამიძახებია დეიდა, ნატო იყო სულ, მისი გაზრდილი ვარ. რაც კი ბავშვობის ფოტო მაქვს, მისი ზენიტითაა გადაღებული. დედაჩემი თუ სწავლიდან დაწყებული, ზოგადად მოხულიგნო იყო, ნატო ზედმიწევნით ბეჯითი, ხუთოსანი, პუნქტუალური და ზედმეტად პატიოსანი. წითელ დიპლომზე დაამთავრა ფილოლოგიური, ქართულის მასწავლებელი იყო გალის რაიონში.
ყველას თავისი ცხოვრება და ოჯახი რომ ჰქონდა, გასათხოვარი ნატო დედაჩემის ძირი სახლის მთავარი პატარა დიასახლისი გახდა. დის ქორწილი, ლოგინად ჩავარდნილი ჯერ ჩემი დიდი ბებია, მერე ბებიაჩემი - ყველაფერმა მის კისერზე გადაიარა. მერე იყო ომი, დევნილობა, უბედურება... გვიან გათხოვდა პავლეზე. ქორწილის დღეს, ჩვენს გურულ პავლეს, რომელსაც მის რაიონში პაჭუკის ეძახდნენ, განვუცხადე - დღეიდან შენ პაკო ხარ-მეთქი. მას მერე სალაყაიებში პაკოდ დამკვიდრდა. პაკო დეიდის ქმარი, სიძე ან ბიძა არ ყოფილა ჩვენთვის, პაკოზე ახლობელი არავინ გვყოლია. ჩემი შვილისთვის მამაზე ბევრად მეტი იყო. თუ ვინმე ნამდვილი მორწმუნე და ღვთისმოსავი მინახავს, ეს იყო პაკო. იხილეთ სრულად