ზოგან - 14 გრადუსი ყინვა, ძლიერი ქარი, თოვლი და შტორმი - ამინდი მკვეთრად უარესდება: როგორია სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი
დღეიდან ამინდი უარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ეს განცხადება სააგენტომ 10 დეკემბერს გაავრცელა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე მოსალოდნელ ამინდებზე დეტალურად გვესაუბრა...
- ჩვენ 10 დეკემბერს უკვე გავავრცელეთ განცხადება საქართველოში ამინდის მკვეთრად გაუარესების შესახებ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში პროცესები უკვე დაწყებულია, ყველგან ინტენსიურად წვიმს, მთაში წვიმით დაიწყო წუხელ, დილიდან თოვლში გადადის და ყველგან გადავა. თავისთავად მაღალმთიან რაიონებშიც ითოვებს. ქარის გაძლიერებას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ველოდებით, მათ შორის თბილისში. ძლიერი, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს 13-14 დეკემბერს.
14 დეკემბერს ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია 28 მეტრ წამამდეც იყოს ცალკეულ მომენტებში ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი, მთაში, მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ამ ყველაფრის შედეგად საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები იქნება. ასეთი ამინდი 15 დეკემბრამდე შენარჩუნდება, 15 დეკემბერს გამოიდარებს, ქარი შესუსტდება, ტემპერატურა მოიმატებს დასავლეთ საქართველოში 12 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოში ჯერჯერობით ცივი ამინდი შენარჩუნდება.14 დეკემბერს ღამის საათებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში შესაძლოა მინუს 4 გრადუსამდე დაეცეს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მინუს -5,-10 და ზოგან(უფრო შიდა ქართლში) შეიძლება მინუს 14 გრადუსიც დაფიქსირდეს.