"მე, რომელმაც გახარიას მინისტრობის დროს თვალი დავკარგე, ახლა აქციაზე მასთან ერთად მიწევს დგომა... რატომ არ შეუძლია რიგით მოქალაქეს პრინციპები დათმოს?!" - მაკო გომური
ტყვია საფეთქელს 2 სანტიმეტრით ასცდა, შესაძლოა ყველაფერი სხვანაირად დასრულებულიყო, ერთი შეხედვით გადარჩა, თუმცა თვალი დაკარგა... მაკო გომურის ამბავმა ქვეყანა შეძრა. გოგონა 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველზე აქციის დაშლისას, მძიმედ დაშავდა.
"გავრილოვის ღამიდან“ 5 წელი გავიდა. ეს 5 წელი არ იყო მარტივი... 24 წლის მაკოს დღეს ისევ უწევს აქციაზე დგომა და პროტესტის გამოხატვა. 28 ნოემბრის შემდეგ ის აქტიურად აქციის მონაწილეებს შორისაა...
როგორია მისი ემოციები, რას განიცდის, როდესაც სპეცრაზმელების მიერ ნაცემ, დაზარალებულ და დაკავებულ ადამიანებს უყურებს, ამის შესახებ მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.მაკო გომური:
- გეტყვით, რომ გაცხადებულად რუსული მთავრობა გვიზის ქვეყანაში და შიდა რუსულ მტერს ვებრძვით... გაუგონარი რამ ხდება... მიხარია, რომ ამას ბევრი ადამიანი მიხვდა და 20 ივნისთან დღევანდელი დღის შედარება არ შეიძლება. "ქართული ოცნების" ნებისმიერი ნაბიჯი, ქმედება, განცხადება პრორუსული რომაა, ეს ფაქტია და ისიც, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის შეფასებები აშკარად შეცვლილია. ცუდია, რომ ამ სისტემის მსხვერპლი ამდენი ადამიანი გახდა - ამაზე გული ძალიან მწყდება. ირაკლი კობახიძის ესა თუ ის განცხადება და ზოგადად ამ ხელისუფლების პრორუსულობა ძალიან მაბრაზებს. ამიტომ, თუ ბრძოლაზე უარს ვიტყვით, ჩავთვალოთ, რომ მთიანად რუსეთის ხელისუფლებაში აღმოვჩნდებით.
შეიძლება რუსეთი ჩვენთან ომით არ მოვიდეს, ან რად გვინდა ომი?! გაცხადებულად პრორუსული ხელისუფლება გვყავს, რომელიც უბრალოდ ადგება და ჩვენს ქვეყანას რუსეთს ჩააბარებს და გავხდებით რუსეთის გუბერნია, პუტინის ბიზნესცენტრი, ან დასასვენებელი ადგილი. ჩავთვალოთ, რომ ჩვენს ეროვნულობას და თვითმყოფადობას, რომელსაც ეს ადამიანები ასე იცავენ, უბრალოდ დავკარგავთ. გამოსავალი ერთადერთია, ვიბრძოლოთ და რუსეთს ჩვენი ქვეყანა არ გადავცეთ. ძალიან ცუდ პროცესებში ვართ, ამდენხნიანი უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, რაც რეალურად 2 კვირის წინ არ დაწყებულა. ბრძოლა წლების წინ, „გავრილოვის ღამეს“ დაიწყო. "ქართულმა ოცნებამ" რუსეთის ხელისუფლებას აჩვენა თუ როგორ სჯიდა ადამიანებს, ვისაც რუსეთი არ უნდა.
- იმ ღამეს ერთ-ერთი დასჯილი და დაზარალებული შენ ხარ, რუსთაველზე ფაქტობრივად ჯანმრთელობა დატოვე...
- არა მარტო მე, კიდევ ბევრი ადამიანი იყო იქ, თუმცა, როგორც ვთქვი, ბევრი რამ დღეს შეცვლილია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სახეში ნაკლებ ტყვიას გვესვრიან და ნაკლები დამიზნებით გვხვდება ისინი, სამაგიეროდ, რეპრესიებია გაჩაღებული. სხვა რა ხდებოდა 37 წელს?! თუნდაც რუსული მმართველობის შემდგომ პერიოდებში?! კარგი იყო აქამდე საქმე არ მიგვეყვანა და სისტემას ამდენი ადამიანი არ შესწიროდა. ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ რა სჭირდება ხალხს იმისთვის, რომ მასობრივად ხმა ამოიღოს?! ვერ ვხდები, რატომ არ შეუძლია რიგით მოქალაქეს, რომ ცოტა ხანს მაინც თავისი პრინციპები დათმოს. მე, რომელმაც გახარიას მინისტრობის, პრემიერობის დროს თვალი დავკარგე, აქციაზე მიწევს მასთან ერთად დგომა...
მეც მაქვს შინაგანი ბრძოლები, ზოგჯერ ჩემს თავს ვეუბნები, სად არის შენი პრინციპები?! მაგრამ ამ წუთას მხოლოდ საკუთარ პრინციპებზე ფიქრი არ შემიძლია, რადგან ჩვენი მთავარი მტერი პრორუსული ხელისუფლებაა, რომელიც ქვეყანაში გვიზის. ვიცი, რომ ამ დროს რაღაცნაირად საკუთარი უნდა დავთმო. ახლა თავის დანებების დრო არ გვაქვს, რადგან ამდენი 17-18 წლის ბავშვია დაკავებული. ამ აქციებს მათი სახელი ჰქვია. სულ რომ ბოლო ადამიანი ვიყო, რაღაცას მაინც გავაკეთებ, რომ ისინი იქ არ დაგვრჩნენ. მართლა ძალიან გაბრაზებული ვარ...
- 4 წლის წინ დარბეულთა შორის აღმოჩნდი, საოცარი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი გამოცადე. როგორია შენთვის ამდენი ჩალურჯებული, დასისხლიანებული და ნაცემი ადამიანის ხილვა?
- ძალიან მიჭირს მაგ კადრების ყურება, განსაკუთრებით - ცემის კადრების... უმძიმესი იყო, დაჩოქილი დედა, სპეცრაზმელებს რომ ეუბნებოდა, ჩემი შვილია და მასთან მიმიშვით ან გამოუშვითო... ეს ყველაფერი თითქოს უკან მაბრუნებს, რაც გამოვიარე და გამოვცადე... ყოველ ჯერზე ტკივილი მიახლდება... ადამიანებს ძაღლის გასეირნების დროს იტაცებენ, ბავშვები ბაღში რომ მიჰყავთ, სახლში მაგ დროს უვარდებიან. ამ ყველაფრის გამო ერთი სამართალდამცავი არ არის დასჯილი. აბსოლუტურად მესმის დაზარალებული, დაკავებული და ნაცემი ადამიანების ოჯახის წევრების. თითოეულს მინდა, რომ მადლობა გადავუხადო და ჩემი წილი ბოდიში მოვუხადო, რომ 5 წლის მერე კიდევ იმავე რაღაცების გავლა უწევთ. ზუსტად ვიცი, დედა, მამა რას გრძნობენ იმ მომენტში, როცა შვილი ასეთ მდგომარეობაში ჰყავთ დაკავებული. იხილეთ სრულად