უწყობს თუ არა სიმაღლეში ზრდას ხელს ჭარხალი და სპორტის რომელი სახეობაა ზრდისთვის საუკეთესო | Allnews.Ge

უწყობს თუ არა სიმაღლეში ზრდას ხელს ჭარხალი და სპორტის რომელი სახეობაა ზრდისთვის საუკეთესო

სიმაღლეში ზრდა და სიმაღლეში ზრდის პრეპარატები

როცა ბავშვი თანატოლებს სიმაღლეში ჩამორჩება, მშობელმა არ იცი, მიზეზის დადგენა საიდან დაიწყოს ან რეალურად, რა საშუალებები არსებობს სიმაღლეში ზრდის ხელშესაწყობად, მართლაც არსებობს თუ არა სიმაღლეში ზრდის პრეპარატები. ამ თემაზე ჩვენს კითხვებს ერთ-ერთ ინტერვიუში რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის "უნივერსი" დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო და სასწავლო დარგში, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებულმა წევრმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორმა ჯენარო ქრისტესაშვილმა უპასუხა.

- რაზეა ბავშვის სიმაღლე დამოკიდებული და როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ამ მიმართულებით პრობლემა აქვთ?

- გენეტიკური ფაქტორი ბავშვის სიმაღლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ნიშანია. შვილის მოსალოდნელი სიმაღლე მშობლების სიმაღლის საშუალოს უტოლდება. არსებობს სპეციალური ცხრილები, რომლის მიხედვითაც, ექიმს შეუძლია, შეაფასოს კონკრეტული ასაკისთვის, რა სიმაღლის უნდა იყოს ბავშვი. თუმცა, არსებობს სხვა მიზეზიც, რის გამოც შეიძლება ზრდაში შეფერხება განვითარდეს. მაგალითად, ზრდაში ჩამორჩენა შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ გამოიწვიოს. ასევე, შესაძლოა კვებითი ფაქტორი იყოს. ამიტომ, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, პედიატრის ან თერაპევტის რეკომენდაციებია საჭირო. პირველ რიგში, აუცილებელია, გაირკვეს, ბავშვი რატომ ჩამორჩება ზრდაში და შემდეგ მოვაგვაროთ პრობლემა. მშობელს თავად, დამოუკიდებლად, ძალიან გაუჭირდება შეფასება. ძირითადად, მომართვიანობის მიზეზი არის ის, რომ თანაკლასელებთან შედარებით, სხვაობას ამჩნევენ. მთავარია, ექიმთან ვიზიტი არ დაგვიანდეს. რადგან, თუ ზრდის ზონების გაძვალება დაიწყება, ეს უკვე შეუქცევადი პროცესია და ვერაფერს ვუშველით. გარდა ამისა, გენეტიკური ქრომოსომული პათოლოგია, ტერნერის სინდრომიც არსებობს. ეს სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევაა, რა დროსაც ზრდის ჰორმონით შეიძლება ჩატარდეს მკურნალობა და ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ.

- რამდენად უწყობს ხელს სიმაღლეში ზრდას ჭარხალი, ვიტამინები, სხვადასხვა ბოსტნეულის მიღება, ხერხები, რომლებიც საზოგადოებაშია გავრცელებული?

- ბავშვს სრულფასოვანი კვება სჭირდება, რომელშიც ყველა კომპონენტი იქნება გათვალისწინებული, მათ შორის, ბოსტნეულიც. ამიტომ, მსგავსმა ხერხებმა შეიძლება 2-3 სანტიმეტრი მოამატებინოს, თუმცა, როგორც გითხარით, თუ მიზეზი არ დადგინდება, რაც ზრდაში ხელს უშლის და შესაბამისი მკურნალობა არ ჩატარდება, შედეგს ვერ მივიღებთ.

- მშობლებს, რომლებსაც გენეტიკაში აქვთ სიდაბლე, შეუძლიათ რამე გააკეთონ ბავშვისთვის სიმაღლეში ზრდის ხელსშესაწყობად?

- ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ბავშვიც დაბალი იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე ფორმით ამის შეცვლა. საკმაოდ ძვირადღირებულ პრეპარატებს სთავაზობდნენ მოსახლეობას. ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ჰპირდებოდნენ, რომ ბავშვი სიმაღლეში მოიმატებდა, რაც არასწორია. პირველ რიგში, ძვლოვანი ასაკი უნდა განისაზღვროს. თუ ზრდის ზონები დახურულია, იმას აღარაფერი უშველის.

- არსებობს სპორტის სახეობები, რომლებიც სიმაღლეში ზრდას ხელს უწყობს ან პირიქით?

- ბუნებრივია, არსებობს. მაგალითად, კალათბურთი, რომელიც გაწელვას უწყობს ხელს. ფეხბურთი ცნობილია, რომ ზრდისთვის ნაკლებხელშემწყობია. ცურვა, წყალბურთი ძალიან კარგია, რომ ბავშვმა მოსალოდნელი სიმაღლის მაქსიმუმს მიაღწიოს. იმის იქით, რასაკვირველია, ვეღარ გაიზრდება.

იხილეთ ინტერვიუ სრულად