„სამწუხაროდ, არ გვაქვს დიდი გამოცდილება“ - კახა კალაძე განმარტავს რატომ ჭიანურდება მეტროსადგურების რეაბილიტაცია
„როდესაც ვიწყებთ სამუშაოებს, ძალიან ბევრ პრობლემას ვაწყდებით,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ავლაბრის მეტრო უკვე დასრულებულია, თუმცა, როგორც მერმა აღნიშნა, პროექტის განხორციელების დროს, (ისევე როგორც ვარკეთილის მეტროს შემთხვევაში) მრავალი პრობლემა გამოიკვეთა, რამაც მისი დასრულების ვადები გადაწია.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სადგურები, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას, განახლებას, მოწესრიგებას და ამ მიმართულებით გვაქვს საკმაოდ მასშტაბური ხედვები, პროექტები. უკვე გამოვაცხადეთ შესყიდვა ახალ ვაგონებზე, პარალელურად დაწყებული გვაქვს რამდენიმე მეტროსადგურის რეაბილიტაცია-განახლება. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ავლაბრის მეტროსადგურთან დაკავშირებით. ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სამუშაოები დამთავრებულია. სამუშაოების მოცულობა ითვალისწინებდა სადგურის ზედა ვესტიბიულის სრულ რეკონსტრუქციას, გარე სადრენაჟე სისტემის მოწყობას, სამანქანე დარბაზის ფილის გამაგრებას, შიდასამეურნეო ოთახების მოწესრიგებას.
სამუშაოების შესრულების დროს გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რამაც განაპირობა ის, რომ შესაბამისი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ დასრულდა ვადებში. ჩვენ ამაზე განცხადების გავრცელებაც მოგვიწია. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების ვადა შეადგენდა 8 თვეს, მაგრამ სადგურის სახურავის ფენების დემონტაჟის შედეგად, ვესტიბიული რკინაბეტონის თაღსა და კონსოლზე აუცილებელი გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ მგზავრთა უსაფრთხოება წარმოადგენს ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს, სადგურის კონსტრუქციულ მდგრადობაზე ჩატარდა არაერთი დამატებითი კვლევა. საბოლოოდ, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადებული დასკვნის და რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც როგორც გითხარით, გამოიწვია ვადების გადაწევა და იმ ვადებში ვერ დასრულება, რაც იყო გათვალისწინებული პირველი ხელშეკრულებით. კორექტირებული პროექტის მიხედვით, გამაგრდა სადგურის რკინა ბეტონის თაღი და კონსოლები, სრულად შეიცვალა სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენები. მოეწყო მიწისქვეშა წყლებისგან დამცავი გარე სადრენაჟე სისტემა, შეიცვალა სადგურის ინტერიერი, ფასადი, მოპირკეთდა თანამედროვე მასალებით, გამოიცვალა იატაკის ფილები, განახლდა განათების და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები. სამუშაოები ჩატარდა სადგურის დაკეტვისა და მგზავრთა შეფერხების გარეშე. სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით, 4 მლნ ლარს.
დღეს უკვე შეგვიძლია გითხრათ, რომ პროექტი მთლიანად დამთავრებულია, სადგური განახლებულია, მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა.
ჩვენ უნდა ვთქვათ ისიც, რომ სამწუხაროდ, არ გვაქვს დიდი გამოცდილება ზოგადად მეტროსადგურების განახლების მიმართულებით. სერიოზული პრობლემები შეგვხვდა როდესაც დავიწყეთ უშუალოდ სამუშაოები, პრობლემებია ზოგადად პროექტის შედგენის პროცესში, როდესაც უშუალოდ ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას. იკვეთება ძალიან ბევრი პრობლემა, რაც კონკრეტულად ავლაბრის მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესში გამოჩნდა, იგივეა ვარკეთილის მეტროსადგურთან მიმართებით. კომუნისტების დროს მოხდა ამ პროექტების განხორციელება და მას შემდეგ ხელი არავის მოუკიდია. რეალურად არავინ იცის, სანამ უშუალოდ არ მიდიხარ იმ კონკრეტულ ადგილზე, თუ რა მდგომარეობაა და რა პრობლემებია. შესაბამისად, როდესაც ვიწყებთ სამუშაოებს, ძალიან ბევრ პრობლემას ვაწყდებით,“ - განაცხადა თბილისის მერმა.