პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო კოლეგია, რომელიც პრეზიდენტს აირჩევს და რა შემთხვევაში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური
პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს ჩატარდება.
დადგენილების პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ საკუთარი აზრი არავის დაუფიქსირებია.
ამასთან, როგორც საკითხის მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევნები, საქართველოს პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს 09:00 საათზე დაიწყება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურის გამართვის საჭიროება დადგა, მეორე ტურიც 14 დეკემბერს ჩატარდება.
„პრეზიდენტის არჩევა ხდება ხუთი წლის ვადით. გთავაზობთ დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტი ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2024 წლის 14 დეკემბერს. იგივე საკანონმდებლო დანაწესებით, ინაუგურაცია ტარდება მესამე კვირას ანუ პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება 2024 წლის 29 დეკემბერს. ამით სრულად ჩავეტევით იმ საკონსტიტუციო დანაწესში, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევას 5 წლის ვადით.
ამჯერად პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. ამ სამასი წევრიდან 150 არის პარლამენტის წევრი. ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობით ანუ 21 წევრი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი და დარჩენილი 109 წევრი დაკომპლექტდება საკრებულოების წევრებისგან იმ პროპორციულობითა და თანაფარდობით, რომელიც დადგა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად. შესაბამისად, ეს კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება საქართველოს პარლამენტის შენობაში და აირჩევს პრეზიდენტს. არჩევნებს ჩაატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, რომ პირველივე ტურში აირჩეს კანდიდატი, საჭიროა, რომ მან მოაგროვოს კოლეგიის წევრთა ხმების 2/3-ის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში თუ 2/3-ს ვერ მოაგროვებს, მაშინ იმართება მეორე ტური. არჩევნებთან დაკავშირებით კანონში არის ასევე განსაზღვრული დრო და ის დაიწყება 09:00 საათიდან. თუ ამის საჭიროება იქნება, არჩევნების მეორე ტურიც დაინიშნება იმავე დღეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოვემზადოთ ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის. და ბოლოს, ამ დადგენილების პროექტის შესაბამისად 14 დეკემბერს ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.