სკანდინავიის ქვეყნებში მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას "როგორ გადარჩნენ, თუ ომი დაიწყება" - მზად იყავით საკვების მარაგით, მედიკამენტებით და..."
შვედეთში მოქალაქეებს ურიგებენ ბროშურებს, სადაც წერია რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ "ომის ან სხვა მოულოდნელი კრიზისის შემთხვევაში".
მსგავსი შინაარსის ბროშურები 6 წლის წინაც დაარიგეს, თუმცა ეს განახლებულია და როგორც სტოკჰოლმში აცხადებენ, მიზეზი გლობალურად უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ გაიწვია. ბროშურა მის წინამორბედზე ორჯერ უფრო დიდია.
ბროშურაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, მზად იყვნენ საკვების მარაგით და გადაუდებელი საშუალებებით - ბავშვთა საკვების, მედიკამენტებისა და ჰიგიენის საშუალებების ჩათვლით.
შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის, კარლ ოსკარ ბოჰლინის განცხადებით, უსაფრთხოების გლობალური კონტექსტი შეიცვალა და ამ ცვლილებების შესახებ ინფორმირებულები უნდა იყონ შვედური ოჯახებიც.
გარდა ამისა, მსგავსი შინაარსის რჩევები გამოაქვეყნა ფინეთმაც, თუმცა მათ ბროშურების ნაცვლად, ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში გაავრცელეს. რჩევების ჩამონათვალი არის დოკუმენტში სახელად - "წესები ინციდენტებისა და კრიზისებისთვის მომზადების შესახებ". ფინეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღწერილია, თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში და ხაზს უსვამს, რომ ფინეთის ხელისუფლება "კარგად არის მომზადებული თავდაცვისთვის". იხილეთ სრულად