ვინ ჩამოიყვანა გრეტა ტუნბერგი საქართველოში და რა არის მისი ვიზიტის მიზანი? - რას წერს ეკოაქტივისტის ქართველი მასპინძელი
გრეტა ტუნბერგის ერთ-ერთი ქართველი მასპინძელი, “თბილისი პრაიდის“ დირექტორი, შვედი ეკოაქტივისტის საქართველოში ვიზიტის მიზეზებს წერს და იმ კითხვებს პასუხობს, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა:
“ზუსტად ერთი კვირის წინ გავიცანი გრეტა და ეს ერთი კვირაა მისი ერთ-ერთი მასპინძელი ვარ საქართველოში. ვეცდები ძირითად კითხვებს გავცე პასუხი,“ - წერს თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში.
“1. ვინ ჩამოიყვანა გრეტა? არავინ. თავისით ჩამოვიდა, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად. ბოლოს თურქეთში იყო. ხმელეთით მოგზაურობს თვეზე მეტია, თავის თანატოლ შოტლანდიელ კლიმატის აქტივისტთან ერთად. მოგზაურობს მოკრძალებულად, თავისი საძილე ტომრით. ხან მატარებელს იყენებს, ხან ავტობუსს, ხან სხვა საჯარო ტრანსპორტს. ქვეყანაში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ეკონტაქტება ადგილობრივ აქტივისტებს და რჩება მათთან. რომ არა თურქული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გრეტას მარიამ კვარაცხელიას ნომერი მისცა, ვერც გავიცნობდით. ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ნამდვილი გრეტა ჩამოდიოდა, სანამ არ ვნახეთ ჩვენი თვალით.ამიტომ როცა ვინმე წერს, რომ პრაიდმა ჩამოიყვანა, ან მწვანეებმა ჩამოიყვანეს, ან გლობალური ომის პარტიამ, ან ჰამასმა, ან მასონებმა, ან უცხოპლანეტელებმა, არ დაუჯეროთ. ჩამოვიდა თავისით. ადგილობრივი აქტივისტები უბრალოდ ვმასპინძლობთ, საუკეთესო ქართულ სტილში.
2. რა მიზანი აქვს გრეტას ვიზიტს? აინტერესებდა საქართველო და ჩვენი რეგიონი და ახლა, როცა ჩვენს მეზობლად აზერბაიჯანი მასპინძლობს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კლიმატის კონფერენციას, გრეტამ გადაწყვიტა, გაერთიანდეს აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ აქტივისტებთან და მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს აზერბაიჯანში COP29-ის ჩატარების პრობლემატურობას.რატომ არის პრობლემატური აზერბაიჯანში მსოფლიოს მთავარი კლიმატის კონფერენციის ჩატარება?
1. აზერბაიჯანი არის პეტროსთეითი, ანუ ნავთობზე და გაზზე დაფუძნებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ირონიული და ტრაგიკულია, რომ კლიმატის ბედი პეტროსთეითში წყდება, უკვე მესამედ (შარშან ემირატებში, ხოლო იმის წინ ეგვიპტეში ჩატარდა COP).
2. აზერბაიჯანში განსაკუთრებით COP-ის წინა თვეებში ბევრად უფრო ინტენსიური გახდა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ. ალიევის რეჟიმი დევნის ყველას, ვისაც კრიტიკული აზრი გააჩნია. ასობით აქტივისტია დაჭერილი და გრეტას მიზანია, ალიევმა ვერ აუხვიოს თვალი საერთაშორისო საზოგადოებას. აზერბაიჯანში არ მიდის, ბოიკოტს უცხადებს გრეტა COP-ს, მაგრამ ჯერ დღეს თბილისში ეხმარება აზერბაიჯანელ აქტივისტებს მცირე საპროტესტო აქციის მოწყობაში და მერე უკვე სომხეთში მიდის, იქაურ აქტივისტებთან ერთად აქციების დასაგეგმად.
3. რატომ არ პოსტავს საქართველოზე? დაპოსტავს. უნდოდა, რომ კარგად გასცნობოდა სიტუაციას, ამიტომ დადის ჩვენს აქციებზე. წინა ორშაბათს აქციაზე უამრავ მედიას ჩაეწერა და ყველას უთხრა, რომ სოლიდარულია საქართველოს საზოგადოების, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის: “მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან იმ რეპრესიების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი აწყდებიან მხოლოდ იმისთვის, რომ თავი დააღწიონ სივრცეს, რომელიც მათ ევროპულ მომავალს ზღუდავს“.ზოგადად, ორი მიმართულებით არის სოციალურ ქსელში აქტიური: კლიმატის კრიზისი და პალესტინელების მიმართ ისრაელის მიერ მოწყობილი გენოციდისთვის ყურადღების მიპყრობა. გუშინ მითხრა ასეთი ფრაზა, რომ იმდენად ბევრი საქმე აქვს უკვე წლებია (თან გუნდიც არ ჰყავს, ძირითადად მარტო აკეთებს ყველაფერს), რომ ყოველ დღე ყველაზე სასწრაფო საქმეებს აპრიორიტეტებს აქტივიზმის კუთხით.დღეს რომ შევხვდები, ვეტყვი, რომ ვეღარ ვითმენთ ქართველები და მალე გვჭირდება მისი პოსტიც.
4. საბოლოოდ, გამოვეხმაურები იმ არასენსიტიურ კომენტარებს, რაც იწერება გრეტაზე, ყველა მხრიდან.ყველა, ვისაც არ ეზარება, გრეტას აშავებს. მარია ზახაროვა ამბობს, დასავლეთმა თავისი აგენტი გამოაგზავნაო. ვიღაც ლიბერტარიანელები პოსტავენ, “ეფესბეს“ აგენტიაო. ბევრი "ჰამასის" მხარდაჭერას აბრალებს, როცა ადამიანის მიზანი პალესტინელთა ენითაუწერელი ტანჯვისთვის ყურადღების მიპყრობაა. იგივე ადამიანები ანტისემიტიზმში დებენ ბრალს, როცა ანტი-სიონიზმია გრეტას პოზიცია და ისრაელელების გარკვეული ნაწილიც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, პალესტინის ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა მოხდეს და პალესტინელ ხალხს საშუალება უნდა მიეცეს, თავისით გადაწყვიტოს საკუთარი ბედი.
კი, კონტროვერსიული აქტივისტია გრეტა და ყველაფერში არც მე ვეთანხმები, მაგრამ უმეტესი ისტორიული ფიგურა, ვისაც თავის ცხოვრებაში მიუღწევია გარკვეული ცვლილებისთვის, ასევე კონტროვერსიული იყო. კონტროვერსიული იყო განდიც და მარტინ ლუთერ კინგიც.
ექვსი წელია, გრეტას ყოველდღიურობაა აქტივიზმი. ექვსი წელია, გრეტას ყოველი მოსაზრება და წინადადება გამადიდებელი შუშის ქვეშაა მოქცეული. კონტროვერსიულია გრეტა, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელი. მის აუტიზმთანაცაა ეს დაკავშირებული, რაზეც არაერთხელ უთქვამს, რომ მისი სუპერძალაა აქტივიზმში. ინსტაგრამის ბიოგრაფიაშიც ასე უწერია: "autistic climate justice activist".ეს დღეები მასთან პერსონალურ საუბრებში კარგად ვხედავ, როგორი რთულია გრეტად ყოფნა - როგორი გადამწვარია, მაგრამ როგორ ჯიუტად აგრძელებს. იმიტომ, რომ სჯერა, მართლა სჯერა იმის, რომ ადამიანებმა ჩვენივე ქმედებით უნდა დავიბრუნოთ იმედი,“ - წერს თამარ ჯაყელი.