ირაკლი კობახიძე 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციაზე - თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან, რადგან მათი ნაწილი პირდაპირ ჩართული იყო საარჩევნო აგიტაციაშია და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს | Allnews.Ge

ირაკლი კობახიძე 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციაზე - თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან, რადგან მათი ნაწილი პირდაპირ ჩართული იყო საარჩევნო აგიტაციაშია და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს

ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო - ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაშია და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტის სულისკვეთება არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„პირველ რიგში, რაც შეეხება ამ ვიზიტს, თქვენ იცით, როგორია ჩვენი პოზიცია. ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო - ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაშია და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს. როდესაც ის ადამიანები გვესაუბრებიან ჩვენ არჩევნების ლეგიტიმაციაზე, რომლებიც თავად არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, თავად ხედავთ რაშიც არის საქმე და ამას საზოგადოება, რა თქმა უნდა, სათანადოდ შეაფასებს. არ შეიძლება შენ თავად არღვევდე საარჩევნო პრინციპებს, ამას აკეთებდე უხეში ფორმით და მერე საუბრობდე იმაზე, ხომ არ არის დარღვეული არჩევნების ორგანიზების დროს საარჩევნო პრინციპები. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა არ იყო მიზანშეწონილი. ამ დელეგაციაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არღვევდნენ თავად საარჩევნო პრინციპებს, არ იყვნენ ჩართულნი საარჩევნო აგიტაციაში, თუმცა ყველა შემთხვევაში, ამ ვიზიტის სულისკვეთება, სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ ჰქონდათ პირდაპირ საუბარი პრესკონფერენციაზე, მათ შორის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე, რეალურად ამაზე ჰქონდათ საუბარი, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ არის შესაბამისი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავს. ევროპელი დეპუტატები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციას. დაგეგმილია, ასევე, მათი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ცნობილია, რომ დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა.