"მამა ბიზნესმენი იყო და აქ შევარდნაძის პრეზიდენტობისას ჩამოვედით"- კორეელი გიორგი ჩანგის ისტორია: ცხოვრება მარნეულში, ორმაგი მოქალაქეობა და ქართული სახელის ისტორია
"კორეელი კი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოს საზოგადოების ნაწილი ვარ. აქ ჩამოვყალიბდი და განათლება მივიღე. აქ ცხოვრებით უკმაყოფილო არ ვარ. თუ ჩემმა მშობლებმა კორეაში დაბრუნება გადაწყვიტეს, მე დავრჩები. მიყვარს საქართველო," - ამბობს 25 წლის სამხრეთ კორეელი ნამჰუნ (გიორგი) ჩანგი, რომელიც საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია.
გიორგი ქართულ ენაზე თავისუფლად საუბრობს, რითაც ნამდვილად გვაოცებს. ძალიან უყვარს საქართველო, მისი ისტორია, ლიტერატურა. აქვს ორმაგი მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქე 2019 წელს გახდა... ვინ დაარქვა გიორგი, სად და როგორ გაიზარდა და როგორ აფასებს რიგ საკითხებს, ამაზე AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.
გიორგი ჩანგი:
- სკოლაში რომ შევედი, ჩემი სახელის წარმოთქმა ყველას გაუჭირდა, ამიტომ გიორგი მასწავლებლებმა დამარქვეს. რა თქმა უნდა, შევიფერე და ეს სახელი ძალიან მომწონს. გიორგი საქართველოში ბევრს ჰქვია, როგორც ვიცი, წმინდა გიორგის პატივსაცემად არქმევენ. წმინდა გიორგი მეომარი იყო, რომის იმპერიაში მსახურობდა, ქრისტიანი იყო და თავის რწმენას შესწირა. ის წმინდანად შერაცხეს.
- როგორ შეგისწავლია... საქართველოში როგორ მოხვდი?
- ჩემი მშობლები საქართველოში 1997 წელს, პრეზიდენტ შევარდნაძის დროს ჩამოვიდნენ. მამა მაშინ ბიზნესმენი იყო და აქეთ გადმოსვლა თავისი სამსახურის გამო მოუხდა. მერე ისე მოხდა, რომ დარჩა და კორეაში აღარ წავედით... მშობლებმა საქართველოში მე და ჩემი დაც ჩამოგვიყვანეს. მაშინ 3 წლის ვიყავი. მერე სკოლაში აქ შევედი და ქართული ენა ვისწავლე. დავუმეგობრდი კლასელებს, გავიცანი მასწავლებლები. სკოლის დამთავრების შემდეგ ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და მოვხვდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ისე, პირველი "ჯავახიშვილი", მეორე - ილიას უნივერსიტეტი, მესამე შავი ზღვის უნივერსიტეტი და მერე კავკასიის უნივერსიტეტი მეწერა.
- მშობლებმა შენნაირად იციან ქართული ენა?
- ესმით, მაგრამ საუბარი ცოტა უჭირთ. რაღაცების თარგმნაში ვეხმარები ხოლმე... მე უკვე 20 წელია, განუწყვეტლივ ვსწავლობ ქართულ ენას და ძალიან მომწონს. 6 წლამდე არ ვიცოდი, სკოლის და მასწავლებლების დამსახურებაა, რომ შევისწავლე. ქართული სახელმწიფო ენაა და ყველგან მჭირდება. უნივერსიტეტშიც ქართულად ვსწავლობ და მისი კარგად ცოდნა მით უფრო აუცილებელია. ქართული ენის გრამატიკა რთულია, მაგრამ ყველა ენას აქვს თავისი სირთულე. ძნელია ჩინურის, იაპონურის, კორეულის სწავლაც... ქართული ენა და ლიტერატურაც ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში.
- ილია ჭავჭავაძეზე რას გვეტყვი?
- დიდი ქართველი მწერალი იყო, ასევე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. მას უნდოდა, საქართველოს დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. „ერის მამას“ ეძახდნენ. ის სწავლობდა პეტერბურგში და ამის გამო „თერგდალეული“ დაარქვეს. ყველა ქართველს, ვინც იქ სწავლობდა, „თერგდალეულები“ დაარქვეს. ისინი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ. პეტერბურგიდან რომ დაბრუნდნენ, დაიწყო მამათა და შვილთა ბრძოლა. პირველი ბროლა 1861 წელს იყო, მეორე - 1871 წელს. მათ იდეებს უფროსი თაობა ეწინააღმდეგებოდა... მაგ პერიოდში ქართული ანბანიდან 5 ასო-ბგერა ამოვარდა და ასე ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართული ანბანი და ენა...
- გიორგი, კორეაში ვინ გყავს?
- ნათესავები, ბებია, ბაბუა... როგორც ჩემი მშობლების საუბრებიდან ვიცი, ისინი აქ მძიმე პერიოდში ჩამოვიდნენ. მაშინ აქ არც გაზი იყო, არც შუქი და ხალხს ცხოვრება უჭირდა, მაგრამ ამის მიუხედავად მშობლები მაინც დარჩნენ. მარნეულში დაბინავდნენ, ახლაც მარნეულიდან დავდივარ უნივერსიტეტში... იქ ეზოში სხვადასხვა ეროვნების ბავშვებთან ვთამაშობდი. იყვნენ სომხებიც, აზერბაიჯანელებიც, მრავალეთნიკურ გარემოში ვიზრდებოდი. ამიტომ დღეისათვის ვიცი 4 ენა - კორეული, ქართული, ინგლისური და რუსული. იხილეთ სრულად