„შავ პურზე მოთხოვნა დაბალია, ამიტომ ცხვება მცირე რაოდენობით“ - მალხაზ დოლიძე | Allnews.Ge

„შავ პურზე მოთხოვნა დაბალია, ამიტომ ცხვება მცირე რაოდენობით“ - მალხაზ დოლიძე

„შავი პური არის ხორბლის ფქვილისგან დამზადებული. მე მაგალითად „ორ ნაბიჯში“ მინახავს შავი პური 96%-იანი, მაგრამ ძალიან ცოტას აცხობენ, იმიტომ რომ მოთხოვნა დაბალია“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მან შავი და უსაფუვრო პურის დამზადების ტექნოლოგიაზე ისაუბრა.

„ხორბალს რომ დაფქვავენ, მისგან გამოჰყავთ პირველი ხარისხის ფქვილი, მეორე ხარისხის ფქვილი და შემდეგ მოდის 96%-იანი. სერი პური არის მაგალითად 85%-იანი. დროთა განმავლობაში შემოვიდა ბევრი საკვები დანამატი, რომელთაგან ერთ-ერთია ფერმენტირებული ალაო. ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, რომელსაც ურევენ ხორბლის ფქვილში. ზოგი იყენებს 15%-ით, ზოგი 30%-ით. რაც მეტია მისი შემადგენლობა, მისი ფასი მეტია და პურში ნახშირწყლები ნაკლებია. ამიტომ ენდოკრინოლოგები პაციენტებს, ვისაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, ურჩევს რომ იყიდონ შავი პური.

რაც შეეხება უსაფუვრო პურს, საფუარი მაშინ არ არის პურში, როდესაც საცხობში ცომში საფუარს არ უკეთებენ და აყენებენ გარკვეული ხანი. რძემჟავა ბაქტერია იწვევს ცომის გარკვეულ დონეზე დამჟავებას და სწორედ ეს არის უსაფუვრო პური. თუმცა, ასეთი ტექნოლოგიით დიდი რაოდენობა არ იწარმოება. ამით უნდა დაინტერესდეს სურსათის ეროვნული სააგენტო, რადგან არ შეიძლება პურს ეწეროს უსაფუვრო, თუ ის ნამდვილად ასე არ არის დამზადებული“,- აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში შედარებით ახალია მოხარშული ცომით პურის დამზადება და ეს ტექნოლოგია ბევრად კარგია, რადგან პროდუქტში მავნე ბაქტერიების არსებობის რისკი მინიმუმამდე მცირდება.