„ათ წელში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა“ - რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობა | Allnews.Ge

„ათ წელში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა“ - რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობა

2014-2023 წლებში უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება ძირითადად განპირობებულია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდითა და სამუშაო ძალის შემცირებით - ამის შესახებ კვლევას IDFI ავრცელებს.

კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა, სამუშაო ძალის მაჩვენებელი კი 2%-ით შემცირდა.

„2023 წელს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელმა 16.4% შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის საუკეთესო მაჩვენებელია. ამ პერიოდში უმუშევრობის მაჩვენებლის გაუმჯობესება განპირობებულია როგორც დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებით, ასევე სამუშაო ძალის შემცირებით. კერძოდ, 2023 წელს დასაქმებული იყო 1,33 მილიონი კაცი, რაც 2014 წლის მაჩვენებელს 6%-ით (79.6 ათასი კაცით მეტი) აღემატება. სამუშაო ძალის მოცულობა 2023 წელს იყო 1.596 მილიონი კაცი, რაც 2014 წელთან შედარებით 2%-ით (32.7 ათასი კაცით ნაკლები) არის შემცირებული.

2014-2023 წლებში უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება ძირითადად განპირობებულია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით (+24%) და სამუშაო ძალის შემცირებით (-2%). კერძო სექტორში (თვითდასაქმებულთა ჩათვლით) დასაქმებულთა ზრდა მხოლოდ 2%-ია.

საქსტატის მიერ სამუშაო ძალის გამოკვლევით მიღებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320.5 ათასი კაცი, ხოლო ოფიციალური მონაცემებით IDFI-ს ანალიზის მიხედვით დასაქმებული იყო მინიმუმ 420 ათასი ადამიანი. 2014-2023 წლებში ემიგრაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქეების პოტენციური სამუშაო ძალა ქვეყანაში შემცირდა 197.2 ათასი კაცით, რაც დაბალანსდა მიგრანტი უცხო ქვეყნის 202 ათასი 15 წელს ზევით ასაკის მოქალაქით.

ამავე წლებში კერძო სექტორში ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებული იყო 2016 წელს (1.022.6 ათასი კაცი), ხოლო ყველაზე ცოტა 2021 წელს (916 ათასი კაცი), რაც განპირობებული იყო პანდემიით. 2023 წელს, 10 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილია 12%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი შემცირებულია 9%-ით“, - აღნიშნულია IDFI-ს კვლევაში.