როგორ მოვიქცეთ, თუ რომელიმე პარტიისთვის ხმის მიცემას გვაძალებენ? - "თქვენი ხმა არის ფარული და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, კაბინაში ყოფნის დროს ვის მიეცით ხმა"
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, სულ ცოტა დრო რჩება.
საქართველოს პარლამენტში - ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მოსახვედრად 19 საარჩევნო სუბიექტი იბრძოლებს. პარტიებმა და ოპოზიციური კოალიციების ნაწილმა საარჩევნო სია და პროგრამა უკვე წარმოადგინა.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მაღლა იწევს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ პარტიას უჭერს ხმას, არის ზეწოლის შემთხვევებიც. სამწუხაროდ, ქვეყანაში საკმაოდ ნეგატიური გამოცდილება გვაქვს იმის, როდესაც პოლიტიკური პარტიები ხმების მოსაპოვებლად არაკანონიერ გზებსაც არ ერიდებიან. მით უფრო მმართველი პარტიები სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ასევე საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების იძულებასაც ცდილობდნენ ხოლმე. იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს სთხოვდნენ საარჩევნო კაბინაში, პარტიის მონიშვნის შემდეგ, ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღებას, რაც იურისტების თქმით, არის კანონდარღვევა და ასეთ უკანონო მოთხოვნას არ უნდა დავემორჩილოთ.
როგორ მოვიქცეთ, თუ რომელიმე პარტიისთვის ხმის მიცემას გვაძალებენ? - ამ აქტუალურ კითხვას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი/ ანალიტიკოსი და პროექტების კოორდინატორი, თამთა კახიძე პასუხობს.
როგორც თამთა AMBEBI.GE - თან აცხადებს, არსებობს არაერთი ბერკეტი იმისა, რომ მოქალაქემ ზეწოლისგან თავი დაიცვას.
ასეთი ფაქტების გამოაშკარავებას და ადრეულ დონეზე აღკვეთას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საბოლოოდ არჩევნების შედეგები, როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალურ დონეზე წყვეტს ქვეყნის ბედს.
საბოლოო შედეგი კი ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს.
თამთა კახიძე:
"არჩევნებისას ზეწოლისგან თავის დაცვის რამდენიმე გზა არსებობს. უპირველესად დავიწყებ იმით, რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ ამგვარი ფაქტი ხდება, ადამიანს შეუძლია სამართალდამცავ უწყებებს შეატყობინოს... გარდა ამისა, მას შეუძლია არ გაითვალისწინოს უკანონო მოთხოვნა! გახსოვდეთ, თქვენი ხმა არის ფარული და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, სინამდვილეში, კაბინაში ყოფნის დროს ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ამგვარად, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია არ დაემორჩილოს არანაირ ზეწოლას!
ეს არის გამოსავალი და პირველი რეაგირების მექანიზმი.
ამომრჩეველს შეუძლია ჩვენც შეგვატყობინოს. იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დარღვევებზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება".
კიდევ ერთი შეკითხვაა, თუ საარჩევნო უბანზე დარღვევა შევამჩნიეთ, რა ვქნათ?
იურისტის განმარტებით, ასეთ დროს შინდისფერბეჯიან დამკვირვებლებთან მიდიხართ და უყვებით, რაც ნახეთ. თუ ამ კონკრეტულ დარღვევაზე საჩივარი დაიწერება, შეგიძლიათ მოწმეც იყოთ. ეს საშიში არანაირად არ არის, ამით გამოიჩენთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და დაადასტურებთ, რომ დარღვევა დაინახეთ. თუ დამკვირვებელს ვერ იპოვით, შეგიძლიათ რომელიმე პარტიის წარმომადგენელსაც მიმართოთ. იხილეთ სრულად