„ანაზღაურება დღეში 80-100 ლარია, მაგრამ მუშახელი მპასუხობს, სოციალური დახმარება გვყოფნის და თავი რატომღა შევიწუხოთო“ - ფერმერი
„ანაზღაურება დღეში 80-100 ლარია, მაგრამ მუშახელი მპასუხობს, სოციალური დახმარება გვყოფნის და მუშაობით თავი რატომღა შევიწუხოთო“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფერმერმა ილია ყავრელიშვილმა განაცხადა, რომელიც ახალქალაქში კარტოფილს აწარმოებს.
მისი თქმით, წლის განმავლობაში 50-მდე ადამიანის დასაქმება შეუძლია, თუმცა 20-მდე მუშას ძლივს პოულობს.
„8 წელია ამ საქმიანობას ვეწევი და სტაბილურად მყავდა დაქირავებული მუშახელი. ანაზღაურება ადრეც არ მქონდა მცირე. დღეის მდგომარეობით კი, საათში მინიმუმ 10 ლარია და ერთი სამუშაო დღის ანაზღაურება 80-100 ლარს შეადგენს. თუმცა, უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ვისთანაც მივდივარ კვლავ დასასაქმებლად, მათგან პასუხად ვიღებ, რომ სოციალური დახმარება გვაქვს, გვყოფნის და რატომღა ვიმუშაოთო.
რამდენიმე სულიან ოჯახს დაახლოებით 1000-1200 ლარის სოციალური დახმარება აქვთ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მუშაობით თავი აღარ შეიწუხონ. ძირითადად, ეს პრობლემა გვაქვს. ყოველწლიურად 40-50 ადამიანის დასაქმება შემიძლია, მაგრამ 15-20-ს ძლივს ვშოულობ რომ საქმე გავაკეთოთ. 12 ადამიანი ყოველდღიურ სამუშაოზე მუდმივად მჭირდება. განსაკუთრებით ახლა, როცა მოსავალი ასაღები, დასაბინავებელი და სარეალიზაციოდ გასამზადებელია“, - აღნიშნა ფერმერმა.
როგორც მან განმარტა, მუშახელის დეფიციტი იმდენად მწვავე პრობლემაა, რომ ამის გამო მიმდინარე სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა კარტოფილი კვლავ ასაღები აქვს.
„ამ პრობლემაზე მქონდა მუნიციპალიტეტის მერიასთან საუბარი, რათა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში მომხდარიყო ჩემი წარმოების ინტეგრაცია და მაგალითად დასუფთავების სამსახურის ნაცვლად, ჩემთან დასაქმებულიყვნენ ადამიანები. იხილეთ სრულად