„მცხეთობა“ 401 910 ლარი დაჯდება - მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია „მცხეთობის“ გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისთვის 401 910 ლარს დახარჯავს.
მომსახურების შესასყიდად მერიამ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. ტენდერის განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ, რომ გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ელექტრონული ტენდერი არ შედგა.
„ვინაიდან მცხეთობის დღესასწაული 14 ოქტომბერსაა, ვერანაირად ვერ ესწრება განმეორებით ელექტრონული ტენდერის პროცედურების განხორციელება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისათვის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მცხეთობისთვის გასართობი მომსახურებების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 23 სექტემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 1-ელ ოქტომბერს დაიწყო და 4 ოქტომბერს დასრულდა. ამ შემთხვევაშიც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 401 910 ლარს შეადგენდა.