"მიწევს 24 საათიანი მუშაობა, არ მყავს სპონსორი" - ევროპის ჩემპიონი, რომელსაც დიდი წარმატების შემდეგ აეროპორტში მხოლოდ ძმა დახვდა
ქართველმა "სტროგმენმა" ავთანდილ ყარმაზანაშვილმა ერთი კვირის განმავლობაში გერმანიასა და ფინეთში გამართულ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე დიდი წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
კერძოდ, 28 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ ფულდაში "სტრონგმენის" ძველი წესებით მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა (120+კგ) ავთანდილ ყარმაზანაშვილმა, აბსოლუტური უპირატესობით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად, ორი მსოფლიო რეკორდის დამყარება მოახერხა.
5 ოქტომბერს კი ფინეთში ყარმაზანაშვილმა, ევროპის ჩემპიონატზე "მასრესლინგში" (ძალისმიერი ფიტნესი), ფურორი მოახდინა და როგორც თავისი წონითი კატეგორიის, ასევე აბსოლუტური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და 2 ოქროს მედალს დაეუფლა.
მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატების შემდეგ ყარმაზანაშვილი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. აეროპორტში მას მხოლოდ ძმა დახვდა.
"ეს მთა კაცი ავთანდილ ყარმაზანაშვილია. გუშინ დაბრუნდა გამარჯვებული საქართველოში, საკუთარი ძმა დახვდა მხოლოდ აეროპორტში... დღეს და ხვალ კი ისევ სამსახურში იქნება, როგორც აქამდე. მერე კიდევ მოიგებს, ისევ ასახელებს საქართველოს, ისევ ასწევს დროშას ყველაზე მაღლა. ჩვენ კიდევ ზარ-ზეიმით მხოლოდ "პოპულარულ" სპორტსმენებს შევეგებოთ აეროპორტში.... ასეთი სპორტსმენები კი ისევ წყნარად გააგრძელებენ წარმატების მიღწევას" - წერს გვერდი Irakli Arabuli's Blog სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
ვინ არის ავთანდილ ყარმაზანაშვილი?
26 წლის სპორტსმენმა მცირე დროში უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. 4 წლის წინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძოდა, სოფელ ციხისძირში მოწყობილ სავარჯიშო სივრცეში ყარმაზანაშვილმა სხეულის გასაჯანსაღებლად ვარჯიში დაიწყო. მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ დროის გასაყვანად დაწყებული სპორტული აქტივობა მალე პროფესიად იქცეოდა.
"სახლის პირობებში ცოტა რთული იყო, საჭირო ინვენტარი არ მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა შევაგროვე ყველაფერი. მანამდე ვჭიდაობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს სპორტი ჩემი არ იყო, შემდეგ კარატეზე შევედი, მაგრამ ამ სპორტსაც ვერ გავუგე. შემდეგ რაგბიზე დავდიოდი, ამ დროს აღმომაჩინა ტრენერმა და შემომთავაზა, რომ სტრონგმენში გამოვსულიყავი საცდელად" - ამბობს ყარმაზანაშვილი "პირველ არხთან".
ახალგაზრდა სპორტსმენმა მცირე დროში არაერთ წარმატებას მიაღწია. ევროპის გუნდური რეკორდის თანამონაწილეა, სხვადასხვა შეჯიბრი 6 პირველი ადგილი აქვს მიღებული.
"ვარ საქართველოს და ევროპის პრიზიორი, მსოფლიო რეკორდის თანამონაწილე და მაქვს ევროპის რეკორდი მოხსნილი. ჩემი მიზანია სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ შეჯიბრებებზე ჩემი ქვეყნის დროშა ავწიო" - ამბობს ის. იხილეთ სრულად