კახა კალაძე - ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ - ძალიან შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისთვის, სულელი აქ არავინ არის | Allnews.Ge

კახა კალაძე - ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ - ძალიან შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისთვის, სულელი აქ არავინ არის

ვფიქრობ, ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს , - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებსა და "ქარდებს”, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება.

კალაძის შეფასებით, აშშ-ს საელჩოს მიერ გამოქვეყნებული “ქარდები” იყო სიცრუე.

მისივე თქმით, საელჩოებისა და უცხო ქვეყნის წარმომადგენლების პირდაპირ ჩარევა ხდება საარჩევნო კამპანიაში.

“ძალიან ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ “ქარდებზეც”, აშკარად ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს. ყველა “ქარდზე”, რაც გამოაქვეყნეს, იყო სიცრუე, თუნდაც არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო 1.8%-ზე, სინამდვილეში კი 2.5%-ი იყო გაყალბებული, რაც ჩვენი მხრიდან იქნა აღმოჩენილი. ეს ხმებში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 50 000 ხმაა, რის მოპარვასაც გვაბრალებდნენ. ამას კამპანიის ხასიათი ჰქონდა და გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, მომხდარიყო რევოლუცია. ჩვენ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, ისინი პირდაპირ არიან ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, რაც არ უნდა საარჩევნო კამპანიებში ჩაერთონ, 26 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყანა და მშვიდობა გაიმარჯვებს. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ რამე ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, თავისუფლებას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა თავისუფლება და ვყოფილიყავით დამოუკიდებლები და არა რომელიმე ქვეყნის ვასალი; ჩვენ მეგობრობაც გვინდა, პარტნიორობაც, ურთიერთობებიც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი, როგორც განვითარებულ ქვეყნებს შეეფერება და არა ისე, რომ რომელიმე დიდმა ქვეყანამ ჩვენ მიგვიჩნიოს პატარა ქვეყნად. შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანა ვართ”, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად, აშშ-ს საელჩოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ “ქარდს” წარწერით: „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“, კალაძის თქმით, აშშ-ს საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ორმაგი სტანდარტით გამოირჩევა, რადგან მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში 50-მდე პარტიაა აკრძალული.

“ესეც გაუგებარია და ტყუილია. ბოლო 50 წლის განმავლობაში 50-მდე პარტიაა აკრძალული სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში და იგივე მოლდოვაში რამდენიმე პარტია აკრძალეს ( ზუსტად რამდენი აკრძალეს, არ ვიცი) , მაგრამ აქაც ორმაგი სტანდარტია. ის დამოკიდებულება, რაც ბოლო თვეების და წლების განმავლობაში დასავლეთიდან მოდის, ფარისევლობა, ორმაგი სტანდარტი, როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავი არისო, ძალიან, ძალიან შეურაცხმყოფელია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, რადგან სულელი აქ არავინ არის, ყველა ყველაფერს კარგად ვხედავთ”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და "ქარდებით" ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის "კრედიტ სუისთან" ურთიერთობის საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა "ქარდი", წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. გარდა ამისა, საელჩომ დღეს კიდევ ერთი "ქარდი" გამოაქვეყნა წარწერით „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.