"27 სექტემბერს როცა მამა სოხუმში დახვრიტეს, მიცვალებული აფხაზმა, სომეხმა და რუსმა ქალებმა დაკრძალეს" - ცნობილი ექიმის 31 წლის წინ დაწყებული დევნილობა, დაბრუნება სოხუმში და მოგონებები აფხაზეთზე
სოხუმის დაცემიდან 27 სექტემბერს 31 წელი გავიდა. გადის დრო და წლების წინ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის თითქოს ხელუხლებელი რჩება. ცნობილი ექიმი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი აფხაზეთიდან არის. ის სოხუმში ცნობილი მამის, ფსიქიატრ ბიძინა მგალობლიშვილის მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა.
მისი ბავშვობა ომის დაწყების დღეს დამთავრდა, როდესაც ტყვიების ზუზუნს, საკუთარი სახლიდან დედაქალაქში გამოექცა. მამა სოხუმში, ბავშვობის მეგობართან ერთად 27 სექტემბერს დახვრიტეს. ოჯახის სხვა წევრები გადარჩნენ, მაგრამ დარჩა უდიდესი ტკივილი, რასაც დრო ვერ ანელებს და მოგონებები აფხაზეთზე, რომელიც მისთვის დღემდე განსაკუთრებულად ძვირფასია.
- ქალბატონო მანანა, როგორი იყო თქვენი ბავშვობა სოხუმში? როგორია თქვენი ყველაზე სასიამოვნო მოგონებები ამ ქალაქთან?
- დავიბადე და გავიზარდე სოხუმში, 7 და-ძმა ვართ და სახლში სულ ხალხმრავლობა იყო, კარი არ იკეტებოდა. ერთი დღეც არ მახსოვს, რომ სახლში სტუმარი არ გვყოლოდა. დიდი, ლამაზი სახლ-კარი გვქონდა, ეზოში შადრევნები, ჩანჩქერები, აუზები, ნამდვილი წყაროც მოწანწკარებდა პატარა თიხის დოქის პირიდან.
დედა იზოლდა ჯოჯუა ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი გახლდათ, რომელსაც არასდროს უმუშავია. მისი სამსახური სახლი და ბავშვების აღზრდა იყო. დედას მამა სევერიან ჯოჯუა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დეკანი იყო. მეორე მსოფლიო ომში საკუთარი სურვილით წავიდა და იქ დაიღუპა 1942 წელს. დიდი ბაბუა ანდრია ჯოჯუა სოხუმელი იყო და ე.წ. ლეჩკოფის მთა მისი საკუთრება იყო ჯერ კიდევ რევოლუციამდე. ეს კიდევ სხვა ისტორიაა და სხვა დროს მოგიყვებით.
მამა - ბიძინა მგალობლიშვილი - ექიმი ფსიქიატრი გახლდათ, მშობლები ბავშვებს თავისუფლად გვზრდიდნენ, თითქმის არაფერს გვიკრძალავდნენ, სიყვარულში და სილაღეში ვიზრდებოდით, რისთვისაც ჩემი მშობლების მადლიერი ვარ.
მამასთან ერთად-
რა განსაკუთრებული ტრადიციები, გართობა, ოჯახური დღესასწაულები გახსოვთ ბავშვობაში?- ყოველი ჩვენთაგანის დაბადების დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავდით, სხვა დროსაც უამრავი სტუმარი მოდიოდა, დიდი ტრადიციული სუფრებიც ხშირად იშლებოდა. დები მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდით და როცა სტუმრები მოვიდოდნენ, მშობლები გვთხოვდნენ, მათთვის დაგვეკრა ფორტეპიანოზე. მამას ხშირად დავყავდით სამსახურში, სახლში თავის კაბინეტში დაგვსვამდა ხოლმე და საკუთარ ლექსებს გვიკითხავდა. საინტერესო მოსაუბრე გახლდათ, მიყვარდა მისი მოსმენა, უამრავი გეგმები ჰქონდა, რასაც ხშირად გვიზიარებდა. დედა ხუმრობით ფანტაზიებს უწოდებდა და ეუბნებოდა, ასეთი რამე არ მინახავს და არ გამიგია და რანაირად უნდა გააკეთოო? - მამა პასუხობდა, აი, არავის რომ არ გინახავს და არც გაგიგიათ, მაგიტომ მე უნდა გავაკეთოო. მისი ფანტაზიების და ჩანაფიქრების განხორციელების მოწმე ხშირად ვყოფილვარ, ყველაფერში განსხვავებული და ორიგინალური იყო. იხილეთ სრულად