"ფეთქებადი ხასიათი, მტკიცე და ძლიერი..." - სერია A -ში კიდევ ერთი ქართველი ვარსკვლავის ამობრწყინება დაიწყო: რას წერს იტალიური მედია საბა გოგლიჩიძეზე?
იტალიური სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მორიგი ქართველი ფეხბურთელი მოექცა. "ემპოლის" ახალი ტალანტი“, - ასე მოიხსენიებს 20 წლის საბა გოგლიჩიძეს გამოცემა Quotidiano Sportivo.
სერია ა - ს ბოლო ორ მატჩში - ჯერ "ბოლონიასთან“, შემდეგ კი - "იუვენტუსთან“ ქართველმა შესანიშნავად ითამაშა, შესაბამისად, მისი გარჯა ღირსეულად შეაფასეს.
"ჩამოსვლიდან თითქმის რვა თვის შემდეგ საბა გოგლიჩიძემ "შეგირდობის" პერიოდი გაიარა და მოედანზე ადგილი მოიპოვა. გასული სეზონის მეორე ნახევრის, აგრეთვე, ამ სეზონის პირველ ორ შეხვედრაში "მონცასა" და "რომასთან" სათადარიგო სკამზე ყოფნის მერე, მან "ბოლონიასთან“ და გასულ შაბათს "იუვენტუსთან“ 180 წუთი ითამაშა და მხოლოდ გულშემატკივრებს როდი მოაწონა თავი“, - წერს გამოცემა და "ემპოლის“ მწვრთნელ რობერტო დ'ავერსას ციტირებს:
"როდესაც გუნდში მოვედი, მას ვარჯიშის და იტალიურად საუბრის პრობლემა ჰქონდა. ახლა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა არა იტალიურად ლაპარაკის მხრივ, რომელიც უნდა ისწავლოს, ვინაიდან პარტნიორებთან ურთიერთობაში დაეხმარება. ძალიან პროგრესირებს, თუმცა, არ მინდა, დიდი პასუხისმგებლობა დავაკისრო. "ბოლონიასთან" და "იუვენტუსთან" ვეტერანივით გაისარჯა", - განაცხადა მან.
"ფიზიკურად ჩამოყალიბებული, პოზიციის შერჩევის უნარი და ტექნიკური ფეხები - საბა ამ სეზონში ყველაზე კარგ აღმოჩენას წარმოადგენს. საინტერესო იყო, გვენახა, როგორ წარმოაჩენდა თავს თავის პირველ ორ დაპირისპირებაში და ისე მოქმედებდა, თითქოს ამ გუნდში მთელი ცხოვრება თამაშობდა. ოპერატიულად კეტავდა ზონებს, სწორად მეურვეობდა, შეტევაში ჩართვის უნარები გამოამჟღავნა და ფაბრიციო კორსის კლუბის კიდევ ერთი წარმატებული ინვესტიციაა.
"უზარმაზრი პერსპექტივა აქვს. მიხარია, რომ "ემპოლიშია". იმედი მაქვს, ზრდას გააგრძელებს", - რვა თვის წინ ასე წარადგინა თანამემამულე "ემპოლის" ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ, რომელიც აქ ძალიან უყვართ და რომელმაც ტრანსფერის განხორციელებაში საკვანძო როლი შეასრულა.
გარდა იმისა, რომ "იუვენტუსთან" თამაშიდან გაპიარებული ახალგაზრდა ილდიზი გამოთიშა, მისი ჩინებული ასპარეზობა სტატისტიკამაც დაადასტურა. ბურთს 53-ჯერ შეეხო, რაც "ემპოლიში" ისმაილის და ვიტის მერე მესამე შედეგი გახლდათ; ასევე წარმატებულად გააკეთა 40 პასი, მათ შორის, 12 იერიშის წამომწყები, რამაც 87% შეადგინა. და რაც ყველაზე მეტად გხვდება თვალში, ბურთის 6-ჯერ დაბრუნებაა. ამ მხრივ უკეთესი შედეგი მხოლოდ მალეს ჰქონდა. იმ მცირე შემთხვევებისას, როდესაც, შესაძლოა, საყრდენ ზონაში შეცდომა დაუშვა, უმალ შედიოდა მეტოქესთან ბრძოლაში და ბურთს იბრუნებდა", - ვკითხულობთ სტატიაში. იხილეთ სრულად