"საქართველოში ყველა უსუსურები ხართ? მერაბს ნოკაუტით მოვუგებ" - დვალიშვილსა და შონ ო'მალს შორის დაძაბულობა იზრდება: სკანდალური განცხადებების სერია
15 სექტემბერს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, შონ ო'მალი ტიტულის დაცვას მერაბ დვალიშვილთან შეეცდება. ბრძოლის მოახლოვებასთან ერთად დაძაბულობა სპორტსმენებს შორის მატულობს და ერთმანეთის მიმართ "მწარე სიტყვებს" არ იშურებენ.
ამ მხრივ განსაკუთრებით შონ ო'მალი გამოირჩევა, რომელიც ამბობს, რომ მერაბის გამო თავს ცუდად გრძნობს, რადგან იცის, რომ ქართველი მასთან დამარცხდება, თანაც ნოკაუტით.
"ის ჩემთვის უბრალოდ მორიგი ოპონენტია. ამ ბრძოლას ნოკაუტით დავასრულებ და "შუგა შოუსთვის" ეს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იქნება. მერაბის გამო თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან ასე ახლოს ქამართან არასდროს ყოფილა და ახლა ჩემს გამო ვერ აიღებს. ოქტაგონზე მერაბს სულელად წარმოვაჩენ. ისე ვცემ, რომ ყველას დამწყები ეგონოს. ამის შემდეგ არც კი ვიცი UFC-ში რამდენი ხანი იქნება", - ამბობს შონ ო'მალი. მანამდე შონმა X-ზე ქართველი მებრძოლების, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა:
"ილია, მერაბ, საქართველოში ყველანი უსუსურები ხართ?" - წერდა ო'მალი.
მის ამ პოსტს მერაბმაც უპასუხა. "ჩემი შეურაცხყოფა ერთია - ჩვენ პროფესიონალები ვართ, ყველაფერს ოქტაგონზე გადავწყვეტთ. მაგრამ, შენ უკვე ზღვარი გადაკვეთე. ჩემი ქვეყნის შეურაცხყოფისთვის პასუხს აგებ", - აღნიშნა მერაბმა.