რა მდგომარეობაა გურჯაანის სოფლებში, სადაც ცოფის არაერთი შემთხვევა აღმოაჩინეს და რას ამბობენ ადგილობრივები? - "ბავშვი გაჩხაპნა... 10 დღის მერე ლეკვი მოკვდა..."
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის გახშირებული შემთხვევები დაფიქსირდა. თავდაპირველად დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში შენიშნეს, რის შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ახლომდებარე სოფლებიდან 90-მდე ძაღლი გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანა.
თავშესაფრის დირექტორის, თემურ ზავრაშვილის თქმით, დაკვირვების ქვეშ მყოფი 90 ძაღლიდან 14 მოკვდა - მიზეზი ცოფია. მისივე თქმით, დაავადება თავდაპირველად ლეკვს დაუდგინდა.
სოფლებში - მელაანსა და ჩალაუბანში, ეპიდემიოლოგებმა იმ ადამიანების ცოფზე აცრა დაიწყეს, ვისაც დაავადებულ ძაღლებთან ბოლო დღეებში კონტაქტი ჰქონდათ. ადგილობრივი მოსახლეობა “მთავარ არხთან“ მათი გამოცდილებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს:
ერთ-ერთის თქმით, ძაღლმა მისი მცირეწლოვანი ბავშვი გაკაწრა, რის შემდეგაც ასაცრელად წაიყვანეს. 10 დღის შემდეგ ძაღლი ოჯახისთვის საეჭვო მდგომარეობაში მოკვდა, შემდეგ კი კომპეტენტურ უწყებას დაუკავშირდნენ.
ოჯახის ყველა წევრს ჩაუტარდა ანტირაბიული ვაქცინაცია.
“ბავშვი დაჩხაპნა და მაშინვე წაიყვანეს ასაცრელად. იქ გააფრთხილეს, რომ დაკვირვებოდნენ ძაღლს, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა. 10 დღის მერე ლეკვი მოკვდა. დაადგინეს, რომ ცოფი ჰქონდა და მერე აცრეს ყველა. ძაღლი, კატა, სულ ყველა ერთად დადიოდა. მიუსაფარი ძაღლებიც წაიყვანეს“, - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი.
“ხალხი ამბობს, რომ ერთ ძაღლს ჰქონდაო. მოვიდნენ, აცრები ჩაატარეს. ყველა წაიყვანეს და აიცრნენ. აბსოლუტურად, ყველა აცრეს,“ - აღნიშნა ადგილობრივმა ამირან ნათიძემ. იხილეთ სრულად