"მე გამიტაცეს და გამოსასყიდის სახით მილიონ დოლარს ითხოვდნენ" - ქართველი ქალის ისტორია, რომელიც ჰოლივუდის ტრილერს ჰგავს | Allnews.Ge

"მე გამიტაცეს და გამოსასყიდის სახით მილიონ დოლარს ითხოვდნენ" - ქართველი ქალის ისტორია, რომელიც ჰოლივუდის ტრილერს ჰგავს

"მე მანანა ხვინგია, სოხუმელი, მარტოხელა, უმუშევარი, პენსიონერი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ქ. სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თვალის განყოფილების­ მოკროქირურგი ავადსახსენებელმა ომმა გამხადა უსახლკარო, არ გამაჩნია მუდმივი საცხოვრებელი, არასოდეს მიმიღია არავითარი დახმარება..." - ამბობს მანანა ხვინგია. სოხუმელი ექიმი დღემდე ქირით მოსკოვის გამზირზე ცხოვრობს, იმ მოსკოვის,­ რომლისკენაც 1992 წლის ოქტომბერში სოხუმიდან გაფრინდა თვითმფრინავი, სადაც­ მანანა იჯდა. გზა, რომელიც მან სოხუმიდან მოსკოვამდე, მოსკოვიდან ფსოუს საზღვრამდე, შემდეგ ოკუპირებულ სოხუმამდე და კვლავ მოსკოვამდე განვლო, ძალიან დიდია. დღეს ჩემი სტატიის გმირი თბილისში ქირით ცხოვრობს. მისი ამბავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარს ჰგავს, რომლის ბოლოც, იმედია, ბედნიერი იქნება. როგორი იყო ცხოვრება სოხუმში და როგორ გადაურჩა კრიმინალურ დაჯგუფებას, ამის შესახებ თავად მანანა ხვინგია გვიამბობს.

„ჩემი ცხოვრება სოხუმში“

- ზღაპრულად ვცხოვრობდი, საკუთარ სახლში, ედემის ბაღში, დედ-მამასა და ორ ძმასთან ერთად. უფროსი ძმა ესტონეთში ცხოვრობდა, უმცროსი - ინდოეთში. პროფესიით მიკროქირურგი ვარ, ოფთალმოლოგი. ომი რომ დაიწყო, სოხუმის თვალის ქირურგიულ განყოფილებაში ვმუშაობდი. ამის დაჯერება არავის შეეძლო, სანამ ჰაერიდან დაბომბვა არ დაიწყეს. სასწაული იყო, აზრზე არ ვიყავით, რა ხდებოდა. 1992 წლის 15 აგვისტოა, ქალაქში ვარ და ვხედავ, ტანკები შემოდიან. ხალხს წარმოდგენა არ გვქონდა, რა ხდებოდა, ჩვენ არაფერი ვიცოდით. 1989 წლის შემდეგ ყველანაირად გვამზადებდნენ ამ სიტუაციისთვის, მაგრამ მაინც არავის სჯეროდა...

ომის პერიოდში ექიმის ხალათით ვათენებდი და ვაღამებდი. არც ვიცი ტრასირებული ტყვიების რა რაოდენობა გვეცემოდა, მიზანმიმართულად გვესროდნენ მორიგე ექიმებსა და დაჭრილებს. ქირურგიული განყოფილებები ერთად ვგროვდებოდით­ და ერთად ვაკეთებდით ოპერაციებს. ეს კოშმარი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდა. ერთ დღესაც გამომიძახეს და მითხრეს, ყველა შვებულებაშია, ახლა შენი ჯერია, გიშვებთ ერთი თვითო. სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, ხალათს არ ვიხდიდი, მარტო ვიყავი, მამა 1992 წლის 21 ივნისს გარდაიცვალა, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, დედა კი მანამდე...

მე ერთი თვით დავტოვე აფხაზეთი. ჩემი ბავშვობის მეგობარი მოვიდა და მითხრა, წავიდეთ აქედან, თორემ აქ უბედურება დატრიალდებაო. ამას დაემატა ჩემი აფხაზი მეგობრის ზარი, ტექსტით: "წაიღე, რაც გჭირდება, და წადი, მე ვერ გიშველი". ერთი პატარა ჩანთა ავიღე საბუთებით და წავედი. ისეთი ამბავი იყო აეროპორტში, ჩემი მთავარი ექიმი რომ არ დამხვედროდა, თვითმფრინავში ვერ ავიდოდი. ფეხზე დამდგარმა ვიმგზავრე და ჩავფრინდი ბათუმში. დაჯდომის დროს საშინელი აფეთქების ხმა იყო, მეგონა, ვიღუპებოდით. თურმე საწვავი არ ჰყოფნიდა და ავარიული დაშვება გადაწყვიტა პილოტმა. ჩავედით, მაგრამ არავინ გვიშვებს­ თვითმფრინავიდან. ვიცადეთ რამდენიმე საათს, სანამ ბორბლები არ გამოუცვალეს და შემდეგ მოსკოვში გავფრინდით. მოსკოვში თოვლი დაგვხვდა. სულ 5.000 მანეთი მაქვს, მეტი არაფერი გამაჩნია და მოსკოვში ვარ. ჩემი მშობლების მეგობრების ოჯახს მივადექი, მერე წამოვედი ჩემს ძმასთან, ინდოეთიდან იყო ჩამოსული ცოტა ხნით, სოჭთან პატარა ქალაქში. ვგეგმავ, სოჭში ჩავალ, იქ კატამარანში ჩავჯდები და მალევე ამოვყოფ თავს სოხუმში-მეთქი. 1992 წლის დეკემბერში სახლში დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ არ ვიცოდი, რა ხდებოდა, დაბლოკილი იყო ყველა საინფორმაციო საშუალება. მსოფლიომ არ იცოდა, რა ხდებოდა პატარა აფხაზეთში, რუსეთის გარდა, არავინ იცოდა. მოკლედ, წავედი ადლერში, იქ ცხოვრობდა ბიძაჩემი. ადლერიდან ფსოუს საზღვარი ძალიან ახლოსაა, იქ ჩაჯდები სამარშრუტო ტაქსიში, გადიხარ გაგრას, ათონს და შედიხარ სოხუმში, სახლში ხარ, მაგრამ საზღვარზე მითხრეს, როგორც კი გადალახავ ფსოუს, იქვე ჩაგკლავენ, როგორც ქართველსო. ისევ დავბრუნდი რუსეთში და დავიწყე სხვა ცხოვრება, მაგრამ ეს ძალიან რთული და მძიმე მოსაყოლია, მე თავად მერევა, სად რამდენი ღამე მაქვს გათენებული, ვისთან ვჩერდებოდი ოჯახში, ამასთან, არავითარი შემოსავალი არ მქონდა. გამართლების პირველმა სხივმა 1995 წელს გამოანათა, მაგრამ მანამდე ვერ მოვისვენე და 1994 წელს ისევ ადლერში ჩავედი იმ იმედით, რომ ჩემს სახლში დავბრუნდებოდი. იხილეთ სრულად