"რასაც ფოტოებზე ხედავთ, ერთი წლის შედეგია, ჩემი პატარა "უდაბნო" ბაღნარად იქცა..." - სამი შვილის დედის და ჟურნალისტის ახდენილი ოცნება
მერი ბლიაძე ჩვენი ჟურნალისტია და სამი შვილის დედა, რომელიც სულ ოცნებობდა ლამაზ ეზოზე. როგორც იქნა, ოცნება აისრულა და თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს, ეზოს ფოტოებთან და სახალისო ვიდეოსთან ერთად.
- არ მიყვარს ცივი ბეტონის, უსახური კედლები, არც ქვაფენილები და მარმარილოს მოაჯირები. თვალებს როცა დავხუჭავ, სიმწვანე, ფერადი ყვავილები და პეპლები გამოჩნდებიან ხოლმე. ყურში ჩიტების ჭიკჭიკი და ჭრიჭინების ჭრიჭინი ჩამესმის. ბუნება და ლამაზი ხედები ჩემი სტიქიაა.დილა რომ თენდებოდა და ეზოში გავდიოდი, ვოცნებობდი, ვარდის სურნელი და მწვანედ აბიბინებული ეზო დამხვედროდა, იქ ყავა დამელია და სამსახურში ენერგიამოკრებილი წავსულიყავი. თუმცა, წლების განმავლობაში, ყოველ დილით გადათხრილი, ატალახებული ეზო მხვდებოდა.