"ეს უეჭველად გოგო იყო წინა ცხოვრებაში, ან ვიღაც "ჩამშვები" გვყავსო- როგორ ცხოვრობს ქართველი ბლოგერი, რომლის ვიდეოებიც ყველას ახალისებს?
კარგა ხანია, რაც 31 წლის თორნიკე რევია სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია: გოგონების, მათთან დაკავშირებულ ამბებზე ხშირად ხუმრობს. სიტუაციებს ისე ზუსტად აღწერს, რომ ხალხმა "გოგოლოგიც" კი შეარქვა... გადავწყვიტე, ცნობილი "გოგოლოგი" მკითხველებისთვის უკეთ გამეცნო...
- ალბათ, როგორც "ტიკტოკერების" უმრავლესობისთვის, ჩემთვისაც პანდემია იყო ის მიზეზი, რის გამოც აქტიურობა დავიწყე. თან, ჩემი სამუშაო სფერო (იუმორისტი ვარ) ისეთია, რომ პლატფორმა გჭირდება, რათა რაღაცები აკეთო, ხალხი გააღიმო, გააცინო... იმ პერიოდში, აბსოლუტურად ყველაფერი დაკეტილი იყო. პანდემიის დაწყებამდე, ამ ტიპის ვიდეოებს გოგონების შესახებ "ფეისბუკზე" ვდებდი - ბევრი "ნახვა" მქონდა. შემდეგ მეგობარმა მირჩია, "ტიკტოკი" მეცადა... განსაკუთრებული მიზანი არ მქონია, რომ მაგალითად, პოპულარული გავმხდარიყავი, ხალხის სიყვარული დამემსახურებინა. უბრალოდ, ახალი საშუალება მომეცა, ვიდეოები ხალხამდე მიმეტანა.
- შენს ვიდეოებს თავიდანვე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა?
- ყველაზე სასაცილო და კარგი ეგ არის, რომ ნეგატიური კომენტარი არასოდეს დაუწერიათ. ყველაზე ხშირი კომენტარი ესაა: წინა ცხოვრებაში, ეს უეჭველად გოგო იყო ან ვიღაც "ჩამშვები" გვყავსო (იღიმის)... უკვე 3 წელია, ვიდეოებს სისტემატურად ვაქვეყნებ და ყოველთვის დადებითი გამოხმაურება აქვს.
- ვიდეოებისთვის ხუმრობების ბაზას საიდან, როგორ ქმნით? ხუმრობით "გოგოლოგსაც" კი გეძახიან...
- უბრალოდ, გარეთ რომ გახვალ, ცოტათი ყურადღებით უნდა იყო, რა. შეიძლება, 2 დაქალი მიდის და ისეთ თემაზე საუბრობს, რომ ვიდეოსთვის იდეა "დაიჭირო", პირობითად - დაქალი დაქალს ეუბნება, - გოგო, 1-2 დღე არ მივწერ. სამაგიეროდ, მერე კარგ რამეს მაჩუქებსო. შეიძლება, უბრალოდ, გოგონებს უკან მიჰყვებოდე, მათი საუბარი დაგამახსოვრდეს, მერე კი ვიდეო ჩაწერო. რა თქმა უნდა, გოგო მეგობრებიც მყავს, რაღაცებს ისინიც მეუბნებიან. მოკლედ, იდეის აღება ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება. პლუს, სცენარის წერის მხრივ გამოცდილება მაქვს და რაღაცებს თავადაც ვიგონებ, რაც მგონია, რომ შეიძლება, რეალურად ასე იყოს.
- თავისთავად გამახსოვრდება თუ გოგონების ურთიერთობას მიზანმიმართულად თვალყურს ადევნებ?
- პირველივე ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა. მერე, რაღაც რომ მომაფიქრდებოდა, ვიწერდი, შემდეგ კი ვიდეოს ვიღებდი. ახლაც ბევრი თემა მაქვს ჩამოწერილი და ნელ-ნელა გადავიღებ. მაგალითად, ახლა დავჯდები და ვიფიქრებ, რას აკეთებენ გოგოები სოფელში, რომ თავიანთ პეწს იქაც არ კარგავენ. შეიძლება, გოგო მსხლის მოსაკრეფად მიდიოდეს, მაგრამ ხომ უნდა ჩაიცვას, გამოიპრანჭოს, დაახლოებით 20 სურათი "დადოს", სანამ მსხალს მოკრეფს და მოიტანს (იღიმის)?
- შენი "გოგოლოგობა" აშკარა რომ გახდა, შეყვარებული უკვე გყავდა?
- შეყვარებული მყავდა, მაგრამ პარალელურად, "გოგოლოგობა" "მომაკერეს".
- თქვენს ვიდეოებზე როგორი რეაქცია აქვს?
- ჩვეულებრივი. მან იცის, რომ ეს ყველაფერი მასზე არაა. "ტიკტოკის" მომხმარებელი არ არის. ძირითადად, ჩემს ვიდეოებს არც უყურებს, რაც ხანდახან მწყინს (იცინის).
- თქვენი ურთიერთობიდან ვიდეოსთვის იდეა, თუნდაც - მცირე დეტალი არასოდეს აგიღია?
- თავად ხშირად მეუბნება, რაღაცებს იღებო, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ასე არაა. შეიძლება, სხვისი ურთიერთობიდან ამიღია, მაგრამ ჩვენსას დამთხვევია. მაგალითად, რაღაც ვიდეო რომ გადამიღია, შემდეგ ზუსტად იმავე სიტუაციაში აღმოვჩენილვარ (იცინის).
- შეყვარებულთან ურთიერთობის კრიზისულ პერიოდში თუ დაგხმარებია "გოგოლოგობა"? მაგალითად, გაგითვლია, რა ნაბიჯი გადაგედგა შესარიგებლად?
- აუ, არა. ჩემი ვიდეოები ზოგადია, მაგრამ ყველანი ხომ ინდივიდუალურები ვართ, არა? ჩემი შეყვარებულიც ინდივიდუალურია და მხოლოდ მე ვიცი, როგორ შემოვირიგო.
- ირაკლი კობახიძეს გამსგავსებენ. თავად ამჩნევ თქვენ შორის მსგავსებას?
- არა. ერთ დღეს, უცებ უფროსმა მეგობარმა მითხრა, - აუ, მაგრად ჰგავხარო! თავად ვერ მივხვდი, რომ ვგავდი. შემდეგ, "ფეისბუკზე" ჩემი და ირაკლი კობახიძის ფოტოები გვერდიგვერდ "დავდე". ბევრმა მითხრა, რომ თურმე, ძალიან ვგავარ, ოღონდ - როცა გრძელ თმას ვატარებ, წვერი კი გაპარსული მაქვს. იხილეთ სრულად