"გული მწყდება, რომ ჩემი შვილები ისე იზრდებიან, მათთან ყოველდღიური შეხება არ მაქვს" - როგორ იქცა ოლიმპიელების მემატიანედ გიორგი ჭინჭარაული და რა გზა გაიარა სპორტულ მედიცინამდე?
ის ოფიციალურად ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაზეა მიმაგრებულია, თუმცა საჭიროებისამებრ, მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებსაც ეხმარება. თავადაც სპორტსმენობაზე ოცნებობდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა. მაინც მონახა თავისი ადგილი ამ სფეროში - 11 წელია სპორტსმენებს მკურნალობს და მათ წარმატებაში გიორგი ექიმის წვლილი დიდია. ამას წინათ, წერილი დაწერა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონზე, რომელმაც თურმე ურთულესი გზა გაიარა იქამდე, ვიდრე ოლიმპიადის კვარცხლბეკის მწვერვალს მესამედ შეუდგებოდა. საზოგადოებამ უმალ აიტაცა მისი ლიტერატორის ენით დაწერილი ემოციური პოსტი.
მისმა ფოტო თუ ვიდეოკადრებმაც არაერთხელ მონუსხა საზოგადოება, თუმცა როგორც ამბობს, პირველ რიგში არის ექიმი, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს სპორტისა და სპორტსმენებისთვის. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ პარიზიდან დილით ჩამოსული, საღამოს ბაკურიანში იყო 20 წლამდელ ძალოსანთა შეკრებაზე."მათი შეჯიბრი ახლოვდება, სექტემბრის შუა რიცხვებში მსოფლიო ჩემპიონატია და რომელიმეს რაიმე აწუხებდეს და მე ვისვენებდე, ამისთვის დასაკარგი დღეები არ მაქვს (მით უმეტეს, შვებულება მეკუთვნის), მინდა, ისინი შეჯიბრებას მაქსიმალურად ფორმაში შევახვედრო", - გვეუბნება ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმ-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული.
- გიორგი შესანიშნავად წერთ, ან საიდან ასეთი საოცარი კადრები, ფოტოხელოვანიც ყოფილხართ...
- ბავშვობიდან კითხვა მიყვარდა ძალიან, ვკითხულობდი პროზას, პოეზიას. 17 წლამდე, სანამ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავირიცხებოდი, წიგნი არ გამიგდია ხელიდან. სკოლაში მიჭირდა ტექნიკური საგნების ათვისება, სამაგიეროდ, სიამოვნებით ვსწავლობდი ჰუმანიტარულ საგნებს, კარგად ვკითხულობდი ლექსებს. ამ ყველაფერმა მერე თავი იჩინა სტუდენტობის წლებში, დავიწყე ლექსების წერა, ბევრი ლექსი მაქვს, რომლებიც დღესაც ძალზე პოპულარულია ჩემს სამეგობრო წრეში. არც წერა მიჭირს... ბოლო პერიოდში ნაკლებად ვწერ, ხანდახან რაღაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს, ან მოვლენას თუ მივუძღვნი, ძირითადად გადასული ვარ სპორტულ ცხოვრებაზე, უმეტესად ვიდეო-ფოტო კადრების გადაღებასა და სპორტულ თემებზე წერაზე. როცა ჩემპიონატი და სხვა დიდი ღონისძიებებია, ამ დროს ვჩნდები ჩემი "ნამუშევრებით" სოციალურ ქსელში.
- როგორ და რატომ აირჩიეთ სპეციალობა - სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია?
- ბავშვობიდან სპორტსმენობა მინდოდა, თუმცა არ მქონდა ამის შესაძლებლობა. ჩემს სოფელში, ლაფანაანთკარში (დუშეთის რაიონი), სადაც დავიბადე და გავიზარდე, არ იყო მაღალი დონის რომელიმე სპორტული წრე, მახლობელ სოფელში იყო ერთი ცეკვის წრე. მერე კარატის წრე ჩამოყალიბდა, იქ ცოტა ხანს ვიარე, მაგრამ ძალიან ზარმაცი ვიყავი და, შესაბამისად, მაგ სპორტისთვის ვერ გამოვდექი. ჩემი პაპა - დედას მამა სამსონ პატენკო (დედა ნახევრად უკრაინელი მყავს) 90-იანებში ძალიან ცნობილი სპორტსმენი იყო - სსრკ-ს მრავალგზის ჩემპიონი სამბოში, მერე - საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. აქედან გამომდინარე, ოჯახში ყველას უნდოდა სპორტს გავყოლოდი, სხეული და ვიზუალიც მიწყობდა ხელს, მაგრამ ლაფანაანთკარიდან თბილისამდე 35კმ. როგორ უნდა მევლო, თანაც, მატერიალური თვალსაზრისით ოჯახს არც ჰქონდა ამის საშუალება. რაგბი, ან ჭიდაობა მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა...
სამედიცინო უნივერსიტეტში ახალი ჩამოყალიბებული იყო სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი და ვინაიდან მშობლებს უნდოდათ, სპორტში შემეღწია რამენაირად, აბიტურიენტმა პირველი ეს ფაკულტეტი ჩავწერე. მამას იმედი არ ჰქონდა, რომ ჩავაბარებდი, რადგან ძალიან ცუდი მოსწავლე ვიყავი. მშობლებმა მითხრეს, ჩვენ პირველს სამედიცინოს ჩავწერთ, მერე დანარჩენს ისეთებს, სადაც ნაკლები ქულებით შეიძლება მოხვედრა, რაც გამოხვალ, გამოხვალ, ბოლო-ბოლო იმას მაინც ვიტყვით, შვილი ექიმი გვინდოდა გვყოლოდაო. პირველივე წელს ჩავაბარე სამედიცინოზე და ისეთი ქულები ავიღე, 30% გრანტიც შემხვდა. მას მერე დავიწყე და დავიწყე... მერე გავიცანი ჩვენი ზურა კახაბრიშვილი - ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ძალიან მოვეწონე და მითხრა, ჩემს გვერდით თუ დარჩები, მოგცემ სამსახურსო და 2013 წელს ძალოსანთა ნაკრებში ექიმ-რეაბილიტოლოგად დავიწყე მუშაობა. მაშინ ეს ახალი ხილი იყო, მათ ექიმი არ ჰყავდათ (ძირითადად მასაჟისტები) და იმ მხრივ ვიყავით უნივერსალურები, რომ მასაჟის გარდა ბევრი რაღაც გვევალა. იხილეთ სრულად