ვინ იყო 34 წლის ალპინისტი, რომელიც მწვერვალზე მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა
მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ალპინისტი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილია.არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი მწვერვალზე მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა. ცხედარის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
"მთის ამბების" ინფორმაციით, ბადრიაშვილის დაღუპვის შესახებ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს.
ბადრიაშვილთან ერთად მყოფი სამი მთასვლელი კი მაშველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში უვნებლად გადაიყვანეს.
არჩილი გამორჩეული ალპინისტი იყო, რომელსაც ამ სპორტის უმაღლესი ჯილდოც კი ჰქონდა მოგებული. ბადრიაშვილი 2022 წელს 'ოქროს წერაყინის' (Piolets d’Or) გამარჯვებული გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად გახდა. ქართველმა სპორტსმენებმა პრიზი პაკისტანის აქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლის გამო მიიღეს.
2020 წელს გამოვიდა ფილმი - "ახალი გზა უშბაზე", რომელიც ქართველი მთასვლელების ისტორიას მოგვითხრობს და არჩილ ბადრიაშვილი კოლეგასთან, გიორგი ტეფნაძესთან ერთად, დეტალურად მოგვითხრობს, როგორ დალაშქრეს ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონი.