"თუ ბიძინა ბუჩქებში დარჩება, ვაია, თუ გამოვა, ვუია…" - გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება და "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:
"ცოტა ხანს დავასვენოთ ჩვენი ჟურნალისტები და მოსაზრებები ფბ-მონოლოგის რეჟიმში გადავიტანოთ.
თუ ცოტა წინ გავიხედავთ და მოვლენების განვითარების ვარიანტების მოდელირებას მოვახდენთ, დავინახავთ, რომ პოლიტიკური ლოგიკა ბიძინას უბიძგებს პრეზიდენტის პოსტის დაკავებისკენ.
"ქართული ოცნება' მოიგებს, თუ წააგებს არჩევნებს, ივანიშვილს ორივე შემთხვევაში სჭირდება მაღალი დონის პოლიტიკური იმუნიტეტი, რათა შეეცადოს დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და კეთილდღეობა. პრეზიდენტობის შანსი მას არჩევნების წაგების შემთხვევაშიც ექნება. ეს კი გარდა პირადი პრობლემების გადაწყვეტისა, საჭიროების შემთხვევაში მას შეუქმნის სერიოზულ პლატფორმას რევანშისთვის. მითუმეტეს, თუ რიგგარეშე არჩევნები შედგა. თუმცა, მისთვის უკიდურესად არაკომფორტულია საპარლამენტო არჩევნებამდე საკუთარი სურვილის გამჟღავნება იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ, ფაქტობრივად, ერთხმად დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.
ამ შემთხვევაში, ის იძულებული გახდება მიიღოს ზურაბიშვილის გამოწვევა და შევიდეს მასთან პოლემიკაში, რაც ესმის რომ სრულიად დაანგრევს მისი უძლეველობის მითოლოგიას.
ამიტომ ვიხილეთ ჩვენ სალომეს მხრიდან დებატების შეთავაზებაზე სრული ისტერია მისი ხელის ბიჭების მხრიდან.
მეორეს მხრივ, როდესაც ოპოზიცია თანხმდება საერთო კანდიდატზე, ხოლო ხელისუფლება დუმს, ეს არის მათი შიშების დემონსტრირება და შესაბამისად სერიოზული კოზირი ოპოზიციის ხელში რისი გათამაშებაც საუკეთესოდ შეიძლება.
კიდევ უკეთესი იქნება, თუ ოპოზიცია შეთანხმდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზეც, რომლის საპირწონეს წარმოდგენაც ასევე გაუჭირდება ხელისუფალს.
ჩათვალეთ, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციას ეყოლება ორი დამატებითი ორთქლმავალი ოქრო-ვერცხლით დატვირთული, მაგრამ უძრავად მდგომი სახელისუფლებო ვაგონების წინააღმდეგ.ეს ყველაფერი უნდა გახდეს საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკური ხაზი.
თუ ბიძინა ბუჩქებში დარჩება ვაია, თუ გამოვა ვუია…"