"მე-11 კლასში მომიტაცეს, ქმრის ოჯახი სწავლას მიშლიდა..." - 41 წლის სტუდენტი ქალის მრავალფეროვანი ცხოვრება
"მე-11 კლასში მომიტაცეს, ქმრის ოჯახი სწავლას მიშლიდა... მეორედ თურქ მამაკაცზე გავთხოვდი, რომელიც პოლიციელია" - ქალი, ბევრი პროფესიით: 41 წლის სტუდენტის მრავალფეროვანი ცხოვრება
"სწავლისადმი სიყვარული ჩემში ალბათ გენეტიკურად არის ჩადებული. იმ გარემოში, სადაც ვიზრდებოდი, განათლება პრიორიტეტი იყო. ამიტომ მთელი ცხოვრებაა, სულ ვსწავლობ" - გვეუბნება 41 წლის ნანა ბეგიაშვილი, რომელიც შარშან ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და მეორე კურსზე უმაღლესი ქულებით გადავიდა, რომელსაც სტიპენდიაც დაენიშნა...
უკვე მესამე პროფესიას ეუფლება და მისთვის ეს შესაბამისად მესამე უმაღლესი სასწავლებელია. ნანას თურქი მეუღლე ჰყავს, ამჟამად თურქეთში იმყოფება და შესაბამისად, ჩვენც იქ დავუკავშირდით.
- მე კი არა, 83 წლის ბებო მყავს და დღემდე აქტიურად კითხულობს წიგნებს, გაზეთებს, ამასთან, გვერდით უდევს ბლოკნოტი, სადაც მისთვის ახალ სიტყვებს იწერს. ხომ ვამბობ, გენეტიკურად გადმომეცა სწავლის სიყვარული... ჩემთვის არ არსებობს არანაირი ასაკი, გარემო, დაბრკოლება, ნებისმიერ შემთხვევაში, განათლება პირველ ადგილზეა. ამიტომაცაა, რომ ახლა ჩემს მესამე პროფესიას ვეუფლები.
- პირველად უმაღლეს სასწავლებელში რომელ წელს ჩააბარეთ?
- 2000 წელს „უცხო ენებში“ ინგლისური ენის პედაგოგიურზე ჩავაბარე. მაშინ ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერქვა. პედაგოგობა არ მინდოდა, მაგრამ დედაც პედაგოგია, თბილისის 77-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელია, ბებოც პედაგოგია და ჩემი მომავალი პროფესიაც მათი სურვილის გამო ავირჩიე. მე ინგლისური ენის თარჯიმნობა მინდოდა, რადგან ინგლისურ ენას ბავშვობიდან ვსწავლობდი.
- ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა?
- კი, მაგრამ კარგად ვსწავლობდი, თუმცა ერთი ტრაგიკული ისტორია მაქვს... მეთერთმეტეკლასელი ვიყავი, რომ მომიტაცეს და მერე ღამის სკოლის დამთავრება მომიწია... ოჯახი, რომელშიც მოვხვდი, წინააღმდეგი იყო, რომ მესწავლა. მალე შვილიც შემეძინა. ჩემი ოჯახიც სიხარულით არ შეხვედრია იმ ქორწინებას. ამიტომ იძულებული ვიყავი, იქ მეცხოვრა, სადაც აღმოვჩნდი... ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა, ქირით ვიყავით და შვილს ბინის მეპატრონეს, მის შვილებს, მეზობელს ვუტოვებდი...
- მიუხედავად ამ სირთულეებისა, სწავლა მაინც შეძელით...
- კი... პირველი პროფესია, ბაკალავრიატი 2004 წელს დავამთავრე. მერე ჩუმად წავედი და სინქრონული თარგმნის განყოფილებაზე შევიტანე საბუთები. სტუდენტი რომ გავხდი, ამის შესახებ მერე ვთქვი. 2 წელში თარჯიმან-რეფერენტის წოდება მომანიჭეს. მაგ კურსის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე თბილისის საგადასახადო ინსპექციაში - შემოსავლების სამსახურში. სულ სხვა განხრით წავედი, სადაც 2 წელი ვიმუშავე და ბოლოს კანცელარიის უფროსის პოსტიდან წამოვედი. იხილეთ სრულად