„დღეში 30-35 მიწისძვრაა, ნუ იყიდით სახლებს ფურთხით აშენებულ კორპუსებში“ - თეა გოდოლაძე საზოგადოებას მიმართავს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე საზოგადოებას მიწისძვრების სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას აწვდის და ურჩევს, საცხოვრებელი ბინები მყარ კორპუსებში შეიძინონ.
მისი თქმით, მიწისძვრების საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი დღეში 30-35-ია და ეს მხოლოდ მომყოლი მიწისძვრების გარეშე.
„მოსახლეობის და საზოგადოების საყურადღებოდ. ხშირად მწერთ, რომ მიწისძვრები გახშიხრდა, როდესაც მაგნიტუდა 3-ს ზემოთაა, ჩვენს ვებგვერდზე ვაქვეყნებთ მონაცემს. ეს ასე არ არის მეგობრებო. არ გახშირებულა მიწისძვრები, ყოველ წელს ასე ხდება და ყოველ წელს იგივე ემოციით გვწერთ საშუალოდ, სტატისტიკური მაჩვენებელი დღეში 30-35 მიწისძვრაა, ჩვენი სეისმური ქსელის მიერ რეგისტრირებული.
გააჩნია სეისმური სადგურების დაფარვის გეომეტრიასა და სიხშირეს. თუ მომყოლი მიწისძვრებია, მაშინ სტატისტიკა მკვეთრად იცვლება. გააჩნია მთავარი ბიძგის სიძლიერეს, ან მიწისძვრათა გუნდის სიძლიერეს. ტექტონიკურად ერთ-ერთი ურთულესი ტერიტორია გვერგო, სამაგიეროდ, უსაშველოდ ლამაზი. მიწისძვრები ხდებოდა, არის და კიდევ ბევრი მილიონი წელი მოხდება, მათ შორის ძლიერიც.
ამიტომ, ნუ იყიდით სახლებს ფურთხით აშენებულ კორპუსებში და ნუ დატვირთავთ ქალაქებს კორპუსების გაუვალი ჯუნგლებით. მიწისძვრის დროს, ვეღარავინ გიშველით. მიბაძეთ განვითარებულ ქვეყნებს. უსაშველოდ ლამაზია ერთსართულიანი ამერიკა, კანადა.. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, მომავალ თაობებს და ქვეყანას, თორემ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დარჩება უქართველო საქართველო, ასე თუ გააგრძელეთ და ამოაკორპუსეთ ქვეყანა“, - წერს თეა გოდოლაძე „ფეისბუკზე“.