"15 წელია ქმარი ემიგრაციაშია და გვარჩენს, მაგრამ მისი დანახვა აღარ მინდა. ვუთხარი, რომ აღარ ჩამოვიდეს... მარტო ფული ხომ არაა?" - გულახდილი წერილი
"ვფიქრობდი, ემიგრანტების რომელიმე ჯგუფში დამეწერა, მაგრამ ვიცი, დამესევიან და გამლანძღავენ. არადა, გულწრფელი და ადამიანურია ის, რაც მინდა ვთქვა და სინამდვილეში, ყველას აერთიანებს, ვისაც ოჯახში ემიგრანტი ჰყავს...
15 წელია ჩემი ქმარი ემიგრაციაშია ისე, რომ საქართველოში არ ჩამოსულა. ისეთ ქვეყანაშია, იქიდან ვერ ჩამოდის, რადგან უკან ვეღარ დაბრუნდება (ეს "გასამართლებელი" ტექსტი ყველას აქვს და რეალურად არის თუ არა ასე, არც ვიცი). 15 წლის წინ აიკვიატა, რომ უნდა წასულიყო. მე მგონია, რომ არ გვაკლდა არაფერი და ნორმალურად ვცხოვრობდით, ჩვეულებრივ. ყოველ შემთხვევაში, ოჯახი რომ გაყოფილიყო, საამისო არაფერი გვჭირდა - ვალები არ გვქონდა, ჩვენს სახლში ვცხოვრობდით და ღვთის წყალობით, ყველანი ჯანმრთელები ვიყავით. მაინც არ მოისვენა. მის გარშემო რამდენიმე კაცი წავიდა და რატომღაცა ამანაც აიხირა. ვეღარ გადავარწმუნე და ასე შევთანხმდით, რომ ერთი-ორი წელი წავიდოდა და დაბრუნდებოდა... მაშინ უფროსი, გოგონა 5 წლის იყო, უმცროსი, ვაჟი - 1-ის. დავრჩი ჩემს შვილებთან ერთად, გაათმაგებული პასუხისმგებლობით და განერვიულებული...
ერთ-ორ წელს მალე მოჰყვა ბევრი წელი და დღესაც იგივე მდგომარეობაა. ყოველთვიურად გზავნის ფულს, რითაც ვცხოვრობთ. მე სამსახურს მაშინვე დავანებე თავი, რადგან ბავშვებს ასე უპატრონოდ ვერ დავტოვებდი. გვაქვს საჭმელ-სასმელი, ფული აბიტურიენტობისთვის, ერთი პატარა ბინა ვიყიდეთ და გავაქირავეთ, ანუ ოდნავ მეტი გვქვს, ვიდრე გვქონდა, მაგრამ...
ეს 15 წელი ჩემთვის იყო ძალიან მძიმე წლები. მარტო დავრჩი ძალიან დიდ პრობლემებთან, რაც ახლავს მშობლობას - მარტომ გავიარე ბავშვების ავადმყოფობები, სკოლის პრობლემები, თინეიჯერობის ძალიან დიდი სირთულეები (განსაკუთრებით გოგონასთან გავიარე უმძიმესი ეტაპები ამ დროს, რომლის გახსენებაც აღარ მინდა), ყოველგვარი გაზიარების, მხარში დგომის და დამშვიდების გარეშე. ლაივჩართვები და ათასობით კილომეტრის იქიდან საუბარი არ არის არც ურთიერთობა, არც ოჯახში მონაწილეობა და შვილებთან საუბრებიც, თუნდაც ყოველდღე, თუ შენ გვერდით არ ხარ და უშუალოდ არ მონაწილეობ ოჯახის ცხოვრებაში. იხილეთ სრულად