"საგზლად ერთი პური და თხილი აქვთ წაღებული" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი დაკარგულ ახალგაზრდებზე და რა ვიდეო გაუგზავნეს ბოლოს ახლობლებს?
უკვე მეექვსე დღეა სვანეთში, ტყეში დაკარგულ ორ ახალგაზრდას ეძებენ, თუმცა ამ დრომდე მათი პოვნა ვერ ხერხდება. ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა.
სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.
ადგილობრივების ინფორმაციით, გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ზემო სვანეთიდან ლასილის უღელტეხილით, ქვემო სვანეთში, ლენტეხში გადადიოდნენ. მარშრუტი კვირას დაიწყო და წესით კვირასვე უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ორშაბათს მათთან კონტაქტი გაწყდა. კონტაქტის გაწყვეტამდე კი დაკარგულმა ახალგაზრდებმა ახლობლებთან დარეკვა მოასწრეს. ოჯახის წევრებს ვიდოჩანაწერებიც გადაუგზავნეს და აჩვენეს, თუ სად იმყოფებოდნენ იმ დროს.
"გაცილებით უფრო აქტიურად უნდა დაიწყოს სამძებრო სამუშაოები. უკვე მეექვსე დღე გამოდის, რაც დაიკარგნენ. საგზლად ერთი პური და თხილი აქვთ წაღებული და სავარაუდოდ ახლა არ არიან კარგ მდგომარეობაში. ყოველი წუთი მნიშვნელოვანია", - ამბობს დაკარგული ბიჭების ნათესავი ანა წერედიანი.