"მუდმივად მხვდება ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ამ სფეროში ქალის ადგილი არ არის" - პირველი ქართველი გემის მექანიკოსი ქალის გზა სამოდელო სფეროდან მეზღვაურობამდე
"სამომავლო გეგმები ისევ ამ პროფესიასთან არის დაკავშირებული. მსურს, მთავარი მექანიკოსის წოდება მოვიპოვო. ღმერთის ნებით იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება", - გვითხრა მარიამ გურგენიშვილმა... ცოტა ხნის წინ მის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი აღფრთოვანებაც გამოიწვია...
მარიამ გურგენიშვილი გვესაუბრა, თუ როგორ გახდა გემის პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოში და რა სამომავლო გეგმები აქვს?
- მარიამ, დღევანდელი გადასახედიდან როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?
- ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო ბავშვობა მქონდა ან ჩემს ბავშვობაში ადვილი ცხოვრება იყო, მაგრამ რაც უმთავრესია, სითბო და სიყვარული არ მაკლდა... თიანეთში დავიბადე, შვიდ წლამდე იქ ვიცხოვრე და შემდეგ ახმეტაში გადავედი. დავასრულე ახმეტის ნომერ პირველი საჯარო სკოლა... სწორედ ახმეტაში ცხოვრების დროს გამიჩნდა ამ პროფესიის ინტერესი.
უცნაურია, მაგრამ გაკვეთილი რომც მცოდნოდა, მაინც ვამბობდი, არ ვიცი-მეთქი... არ მიყვარს საჯარო გამოსვლები, ფობია მაქვს, რასაც სკოლაში ამ ფორმით ვავლენდი... რაც შეეხება ხელოვნებას, ძალიან მიყვარდა, დავდიოდი კიდეც კურსებზე - ხატვა, ქარგვა, მაკრამე და ასე შემდეგ... ხატვა მანამდე მიყვარდა, ვიდრე ხელოვნების ერთ-ერთმა მასწავლებელმა მიწასთან არ გამასწორა, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი არ დავუხატე... ქიმია-ბიოლოგია კი მასწავლებლის გამო მიყვარდა...ზოგადად მასწავლებელზეა დამოკიდებული, ბავშვს საგანს შეაყვარებს თუ შეაძულებს. ძალიან ბევრი საგანი მძულდა და სწორედ მასწავლებლის გამო...
- როდის გადაწყვიტეთ ამ პროფესიას გაჰყოლოდით?
- 13 წლის ვიქნებოდი, რომ გავიგე ამ სფეროს შესახებ და გადავწყვიტე, მეც გავყოლოდი...
- როგორ მიიღო ოჯახმა თქვენი გადაწყვეტილება?
- რა თქმა უნდა გაუკვირდათ, მაგრამ ყველანაირად გვერდში დამიდგნენ... ბევრს უთქვამს, - ვერ შეძლებ სხვა პროფესია აირჩიეო, დედაჩემი კი ყოველთვის მეუბნებოდა, ნუ მოუსმენ მათ ლაპარაკს, მთავარია მოინდომო და ყველაფერს მიაღწევო. იხილეთ სრულად