წინა საქარე მინები არ უნდა იყოს ისე ჩაბურული, რომ მძღოლი არ ჩანდეს - გაიზრდება ავარიების რისკი - რა საფრტხეებზე საუბრობს ექსპერტი?
„წინა საქარე მინები არ უნდა იყოს ისე ჩაბურული, რომ მძღოლი არ ჩანდეს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ავტომობილის მინების დაბურვის წესში ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მელაძე აღნიშნავს, შსს-ს თანხმობის გარეშე წინა საქარე მინების 60%-მდე დაბურვის დაშვებით, საავტომობილო შემთხვევების რისკები გაიზრდება.
„თავის დროზე, როცა წინა საქარე მინების დაბურვაზე იყო საუბარი, მე ვიყავი ერთ-ერთი ვინც ამბობდა, რომ წინა საქარე მინები არ უნდა იყოს ისე ჩაბურული, რომ მძღოლი არ ჩანდეს. პროფესიული სწავლების ან ექსტრემალური სწავლების დროს გაკვეთილის პირველი ნაწილი არის ის, რომ გზაჯვარედინი იქნება თუ სხვა, მძღოლმა პირველი უნდა შეხედოს მძღოლს სახეზე, ის გეუბნება ყველაფერს, იკითხება მისი მომდევნო რეაქცია. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებად დავინახავთ მძღოლს მეორე მანქანაში, მით უფრო გაიზრდება საგზაო შემთხვევების რისკი. მთავარი კომპონენტი, რითაც უნდა ამოიცნო შენ მეორე მძღოლის მომდევნო მოქმედება არ იქნება ხილული“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ.
ცნობისთვის, შსს-ს გადაწყვეტილებით, 3 ივლისიდან იცვლება წინა გვერდითა მინების დამუქების პროცენტულობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, შსს-ს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 40%-ის ნაცვლად, 60%-მდე დაამუქონ. წინა გვერდითა მინების დამუქება დასაშვებია 60%-ით, უკანა გვერდითა მინების - 75%-ით, ხოლო წინა საქარე მინის - 30%-ით.