ტექინსპექტირება შესაძლოა, 30 ლარით გაძვირდეს | Allnews.Ge

ტექინსპექტირება შესაძლოა, 30 ლარით გაძვირდეს

ტექინსპექტირება შესაძლოა, 30 ლარით გაძვირდეს. ამის საჭიროებაზე, „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შიოლაშვილმა პრესკლუბში „კვირა“ ისაუბრა.

მისი თქმით, ტექდათვალიერების საფასურის გადახედვა 5 წელია არ მომხდარა, ეს მაშინ, როდესაც პერსონალის გადინების მაჩვენებელი არის კატასტროფულად მაღალი. ეს კი ცხადყოფს იმას, რომ არსებული რესურსებით ცენტრებს არსებობა გაუჭირდება.

"ტექინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კადრების მოზიდვა, იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ დღევანდელ დღეს გააჩნიათ. ტექინსპექტირების ცენტრების საფასური თუ არ იქნება გადახედილი, ჩვენ საუბარი გვაქვს 30 ლარით გაძვირებაზე, ძალიან გაუჭირდებათ ცენტრებს იმ რეალობაში, რომელშიც მანამდე მუშაობდნენ. მითუმეტეს, მკაცრი მონიტორინგის ფარგლებში, სულ უფრო კრიტიკული ხდება კომპეტენტური პერსონალის ყოლა. აქედან გამომდინარე, საჭიროება დგას იმის, რომ გადაიხედოს ეს პირველადი ტექინსპექტირების საფასური, რათა ცენტრებმა შეინარჩუნონ კვალიფიციური თანამშრომლები და არ მოხდეს მათი კომპანიებიდან გადინება“,- განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები და 2025 წლიდან შესაძლებელი იქნება მომსახურების ფასის მატება.

ცნობისათვის, ამ დროისთვის ცენტრებში მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერების საფასური 60 ლარს შეადგენს.

myquiz