"მე და "ჩაკვე" თმას ვიღებავთ"... გიორგი ქოჩორაშვილი თმას იჭრის - რა პირობები დადეს ფეხბურთელებმა და ქომაგებმა პორტუგალიასთან გამარჯვებამდე და ვინ რა შეასრულა?
ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩის დაწყებამდე, სადაც საქართველოს პორტუგალიას წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, ქართველმა ქომაგებმა საჯაროდ დადეს პირობები, თუ რას გააკეთებდნენ მოგების შემთხვევაში.
სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე, მათ შორის “ფეისბუქზე“ უამრავი ადამიანი წერდა ე.წ. ასკეზებს. გოგონების ნაწილმა მოგების შემთხვევაში გათხოვება დააანონსა, ბიჭების ნაწილმა კი - ცოლის მოყვანა. ასევე ბევრმა დადო პირობა რომ დაიწყებდა ყოველდღიურ ვარჯიშს, დაიკლებდა წონაში, გააჩენდა შვილს, შეზღუდავდა რომელიმე კონკრეტული სახეობის საკვების მიღებას.
თუმცა, იყო უფრო “გიჟური“ იდეებიც. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს...
მაგალითად, მომღერალმა და კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა “ფეისბუქის“ მთავარ ფოტოდ, სადაც რამდენიმე ათეული ათასი გამომწერი ჰყავს, რეგულირებადი ქანჩი (საზოგადოებაში უფრო პოპულარულია “რაზვადნოი კლუჩის“ სახელით) დააყენა და პირობა დადო, რომ თუ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მოიგებდა, ფოტოს არ შეცვლიდა:
“და ასე შემრჩა “რაზვადნოი კლუჩი“ პროფილის სურათად“ - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა კი შეხვედრის დაწყებამდე პირობა დადო, რომ მოგების შემთხვევაში ბაღდათში კონცერტს გამართავდა.
“ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ვინ რა კომენტარიც დაწერა, ის კი არ უნდა ავასრულო. რომელმა იდეამაც გაამართლა ის.
გიორგი ცაავას იდეა იყო, ბაღდათში კონცერტის გამართვა და თანახმა ვარ სიამოვნებით.
ფეხბურთის თამაში რომ ვისწავლო და რაც იქ ჩამონათვალია ავასრულო, მთელი ცხოვრება ტყვე უნდა ვიყო“ - წერს სტეფანე და “მთავარი არხის“ ეთერში ადასტურებს, რომ კონცერტი მალე გაიმართება.
“სიტყვა სიტყვაა...“ - სწორედ ამ სიტყვებით ამცნო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და საზოგადოებას მისი შესრულებული პირობა სპორტულმა ჟურნალისტმა მერაბ ყუფარაძემ და ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ თმა საქართველოს დროშის ფერებში შეიღება:
იყო ასეთი პირობას, მოგების შემთხვევაში სამეგობროს წევრები ტატუებს დახტუნავდნენ. ტურისტული კომპანიის "ტრაფიკ თრეველის“ მმართველმა პარტნიორმა, ცოტნე ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში თქვა, რომ გადაცემის შემდეგ სწორედ პირობის შესასრულებლად მიდიოდა.
"ძალიან ბევრმა ადამიანმა დადო პირობა რას გააკეთებდა იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ნაკრები გავიდოდა ქვეჯგუფიდან. მეც ჩავერთე ამ „ჩელენჯში“. ჩემმა მეგობარმა გიორგი ჩინჩალაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, გაიკეთებდა პირველ ტატუს - დაიხატავდა წმინდა გიორგის. მეც შევუერთდი და 5 კაცი ვართ, ვინც აქედან, ეთერს რომ მოვრჩებით მივდივართ და ტატუ უნდა გავიკეთოთ, ამ შესანიშნავი დღის აღსანიშნავად" - თქვა ჯაფარიძემ.
ქომაგებს არ ჩამოუვარდნენ ჩვენი ფეხბურთელები. მაგალითად GEO TEAM ავრცელებს ვიდეოებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიასთან მოგების შემთხვევაში საკუთარ პირობას ასახელებენ.
"ჯგუფიდან თუ გავდივართ, მე და "ჩაკვე" თმას ვიღებავთ" - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია."თმას შევიჭრი, ვერ გადავიპარსავ, მაგრამ შევიჭრი" - ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი ვიდეოში, რომელსაც GEO TEAM ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნული პირები იყვნენ ის ადამიანები, ვინც დადებული პირობა ყველაზე სწრაფად შეასრულა. უახლოეს პერიოდში მათ ასობით ადამიანი შეუერთდება და ისტორიულ მოგებას მეტად უფრო დასამახსოვრებელს გახდის.