"ქუჩაში მოგვიკლეს ავაზაკებმა...ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს" - ვინ არის ვარკეთილში მოკლული 19 წლის ბიჭი: პროკურატურის განცხადება უმძიმეს დანაშაულზე
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვარკეთილში, ფიზიკური ანგარიშსწორებისას დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. შაკო ისაევის გადარჩენას ექიმები 15 ივნისიდან მოყოლებული ცდილობდნენ. ახალგაზრდა კლინიკაში თავის უმძიმესი ტრავმით შეიყვანეს, რომელიც ახალგაზრდამ ვარკეთილში, ქუჩური გარჩევის დროს მიიღო.
ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.საქართველოს პროკურატურა თბილისში ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულ 3 პირს ბრალდებას დაუმძიმებს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურამ გაავრცელა.
"სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 15 ივნისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად) წარედგინათ და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეეფარდათ. სამივე დაკავებულს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მოქალაქე ანა კომლაძე წერს:
"უმძიმესი დღე დაგვიდგა. უმძიმესი კვირა გავიარეთ. ჩემი შვილების მეგობარი მოგვიკლეს ქუჩაში ავაზაკებმა. ცემით მოკლეს!!!
ჩვენ უბნის მაყურებლები ვართო, უთხრეს ნაძირალებმა. ჩვენ ბიჭს უთქვამს რაღა დროს უბნის მაყურებლებიაო და ცემით მოკლეს.
ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს. ერთი კვირის თავზე დაგვეღუპა ჩვენი ბიჭი. ღმერთო... როგორ გავუძლო, როგორ."