როგორ მოხვდა ლიონში გაზრდილი გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?
ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივარმა გიორგი მიქაუტაძის სახელი უკვე კარგად იცის. 23 წლის მიქაუტაძემ 18 ივნისს ევრო 2024-ზე თურქეთის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა. მიქაუტაძის გოლი ისტორიულია - ეს არის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ პირველი გატანილი ბურთი.
ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ ESPN ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდი გამოაქვეყნა. გამოცემამ სიმბოლურ გუნდში თავდამსხმელის პოზიციაზე გიორგი მიქაუტაძე შეიყვანა.
საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი ქართულად 100%-ით გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ცდილობს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ამბობს, რომ შინ მშობლებთან ქართულად ლაპარაკობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენა იცის.
ერთი წლის წინ ქართველ ფეხბურთელს საფრანგეთში Geoteam-მა ჩააკითხა. ვრცელი ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო დეტალს გიზიარებთ:
"ყველაზე მეტად მიყვარს ბოლო წუთებზე გოლის გატანა, 0-0, ან 1-1 რომ არის და შენი გოლით რომ გადაწყვეტ მოგებას“, - ამბობს ფეხბურთელი.
ის ლიონში დაიბადა, ფეხბურთზე მამამ შეიყვანა, როცა 6 წლის იყო."სულ ბურთი მქონდა ფეხებთან. მამაჩემმა მიმიყვანა ფეხბურთზე, როცა ექვსი წლის ვიყავი, ერთი წლის შემდეგ "ოლიმპიკ ლიონში" გადავედი, იქ შვიდი წელი ვვარჯიშობდი, საიდანაც Saint priest-ში წავედი ორი წლით, იქედან კი "მეციში“ გადმოვედი“, - ამბობს მიქაუტაძე.
გიორგი იხსენებს, რომ "ლიონიდან“ წასვლა მარტივი არ ყოფილა."ფიზიკურად პატარა ვიყავი, არ ვიყავი ძლიერი, მაგრამ ფეხბურთი ვიცოდი, ტექნიკა მქონდა, გოლები გამქონდა. პრობლემა უფრო ფიზიკურობა იყო და ამიტომ გამომიშვეს. არ მეწყინა, მაგრამ მინდოდა რომ იქ ვყოფილიყავი, იმიტომ რომ იქ დავიბადე, ლიონში და უმაღლესი კლუბი იქ "ლიონია“ და მანდ მინდოდა, მაგრამ ეგრეა, ფეხბურთია. ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა“, - ამბობს ფეხბურთელი.
გიორგის თქმით, ფეხბურთში ყველაზე მეტად ბოლო წუთზე გატანილი გოლები უყვარს. იხილეთ სრულად