"ახალგაზრდას ჰგონია, უსაფრთხო ნარკოტიკს ყიდულობს. მასში შეიძლება ისეთი ნივთიერება იყოს დამატებული, რომ უეცარი სიკვდილი, კომა, ჰალუცინაციები, ფსიქიკის შეცვლა გამოიწვიოს" | Allnews.Ge

"ახალგაზრდას ჰგონია, უსაფრთხო ნარკოტიკს ყიდულობს. მასში შეიძლება ისეთი ნივთიერება იყოს დამატებული, რომ უეცარი სიკვდილი, კომა, ჰალუცინაციები, ფსიქიკის შეცვლა გამოიწვიოს"

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მშობელი წუხს იმაზე, რომ საქართველოში ადვილად ხელმისაწვდომი, მაგრამ საკმაოდ საშიში ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოაქტიური ნივთიერებები მომრავლდა. სამწუხაროდ, მსგავსი საშუალებების გამოყენების შედეგად, არაერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ბევრს კი სერიოზული ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და დამოუკიდებლად ცხოვრებასა და განვითარებას ვეღარ ახერხებს. პროფესორი, სამედიცინო ცენტრ "ურანტის" ხელმძღვანელი, ზურა სიხარულიძე გვესაუბრება, რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა დღეს ჩვენს ქვეყანაში, რა შედეგებს იწვევს ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება და თუნდაც, ერთჯერადად მოხმარება და რაში ხედავს გამოსავალს:

- სამწუხაროდ, აქტუალური პრობლემაა. არა მხოლოდ ზრდასრული ადამიანები, არამედ ძალიან ბევრი თინეიჯერი იყენებს როგორც სააფთიაქო ნარკოტიკს, ასევე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და ეს საკმაოდ საშიში ტენდენციაა. ასაკობრივი კატეგორია ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა. 13-დან 25 წლამდე ბევრი ახალგაზრდა დღეს სხვადასხვა საშიშ ნივთიერებას მოიხმარს.

- რას იწვევს მსგავსი ნივთიერებების გამოყენება ან მათზე დამოკიდებულება?

- თემის ირგვლივ სწორი ინფორმაციის სერიოზული დეფიციტია. შესაბამისად, ახალგაზრდები არ თვლიან, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები დამოკიდებულებას იწვევს. მიაჩნიათ, რომ ეს უსაფრთხო ნარკოტიკია და მათი გამოყენებით, არანაირი ზიანი არ მიადგებათ. მსგავს ინფორმაციას ერთმანეთსაც უზიარებენ. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მცდარია. დღეს არც ერთი ნარკოტიკი უსაფრთხო არ არის. ეფექტის გასაძლიერებლად, ნებისმიერ ნარკოტიკში შეიძლება, კიდევ სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება იყოს გარეული. ამიტომაც, როდესაც ახალგაზრდას ჰგონია, რომ .ე.წ. უსაფრთხო ნარკოტიკს ყიდულობს, იქ შეიძლება ძალიან სერიოზული და საშიში საშუალება იყოს დამატებული, რომელმაც შესაძლოა, უეცარი სიკვდილი,პოლიორგანული უკმარისობა, კომა, ჰალუცინაციები, ფსიქიკის შეცვლა და სხვა უმძიმესი შედეგები გამოიწვიოს.

ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ მათ სწორი ინფორმაცია არ აქვთ და თვლიან, რომ რაკი კონკრეტულ საშუალებას ის, ვინც ყიდის, ,,უსაფრთხოს“ უწოდებს, მართლაც უსაფრთხოა... იგივე შეიძლება ითქვას სააფთიაქო პრეპარატებზე, რომლებიც ეიფორიას იწვევს. სტატისტიკის ზრდაზე მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა არ ახდენს გავლენას. გასათვალისწინებელია, ტრავმები, ბულინგი, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური სიტუაცია, ტოქსიკური გარემო, რაც ახალგაზრდებზე განსაკუთრებით მოქმედებს. ემიგრაცია ასევე ძალიან დიდი პრობლემაა. დღეს ბევრ მოზარდს, ახალგაზრდას მშობელი გვერდით არ ჰყავს. უმუშევრობა, საკუთარი კომპლექსების დაფარვის სურვილი, რეალობისგან გაქცევა - მსგავს საშუალებებს არ იყენებენ მხოლოდ იმიტომ, რომ გაერთნენ. ეს არის იმის გამოძახილი, რომ ბავშვებს ბედნიერება აკლიათ. მშობლები არ ესაუბრებიან, სკოლებში მსგავს საკითხებზე არავინ ამახვილებს ყურადღებას, ინტერნეტში კი რასაც ნახულობენ, ის ინფორმაცია არასწორია.

ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორც წესი, ახალგაზრდები სანდო, სამეცნიერო სტატიებს არ კითხულობენ. ძირითადად, ერთმანეთს უსმენენ და როგორც აღვნიშნე, ეს ინფორმაცია უმეტესად არასწორია. ყველა ეს ფაქტორი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს და ამიტომაც, ისინი ეძებენ ისეთ საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც, სხვა რეალობის შექმნას შეძლებენ. არა მხოლოდ ნარკოტიკების გამოყენებით, არამედ ალკოჰოლზე, ლუდზე, მარიხუანაზე, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებით. ინტერნეტით ნარკოტიკების გაყიდვა ძალიან მარტივია, ყველასთვის ხელმისაწვდომია, არ კონტროლდება, ამიტომ ეს სერიოზული პრობლემაა. იხილეთ სრულად

myquiz