"შევეცდებით, რომ აღვიდგინოთ ეს ძალები და მეორე თამაში უკეთესად და უფრო ძლიერად ვითამაშოთ" - გიორგი ქოჩორაშვილის კომენტარი ისტორიული მატჩის შემდეგ
გერმანიაში, დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი, ისტორიული მატჩი გამართა.
ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა. მატჩი საბოლოოდ თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
მთელი მატჩის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლა იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა თავდადება და თავგანწირული თამაში აჩვენეს, თუმცა ყველაფერს უიღბლობაც დაემატა. განსაკუთრებით დაძაბული მატჩის ბოლო წუთები იყო, როცა ჩვენმა გუნდმა შტურმი მოაწყო მეტოქის კართან, თუმცა გოლი არ გასულა.
მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი. მან თამაშის დასრულებისას პირველი კომენტარი გააკეთა.
"სასიხარულოა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის ჩატარება, მაგრამ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რისი მიღწევაც გვინდოდა თამაშიდან გამომდინარე,
შევეცდებით, რომ აღვიდგინოთ ეს ძალები და მეორე თამაში უკეთესად და უფრო ძლიერად ვითამაშოთ, იმიტომ, რომ იყო პირველი 20 წუთი რომელიც შეგვეძლო რომ უკეთესად გვეთამაშა, მაგრამ ამ ყველაფერზე ვიმუშავეთ და იმედი მაქვს, რომ მეორე თამაშს ის შედეგი მოჰყვება, რასაც ვიმსახურებთ...
ვიდეოს ვნახავთ, განხილვა გვექნება ამ თამაშის და შევეცდებით, შეცდომები რაც იყო და ის კარგი თამაში ჩეხეთთან უკეთესი და უფრო მაგარი იყოს,“ - ამბობს ქოჩორაშვილი. ქოჩორაშვილმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა:
სასიხარულოა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის ჩატარება, მაგრამ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რისი მიღწევაც გვინდოდა თამაშიდან გამომდინარე. გვქონდა ბევრი მომენტი, რომელიც შეგვეძლო, რომ გამოგვეყენებინა. მაგრამ არაფერი, გავაგრძელებთ შრომას. მადლობა ყველა ქართველს, რომელიც ჩამოვიდა, დაგვაფასა, ასევე იმ ხალხს, რომელიც ტელევიზორიდან გვიყურებდა და გვიგულშემატკივრა,“ - ამბობს ფეხბურთელი.