"დორტმუნდში პატარა საქართველოა" - ძმები არველაძეები, თემურ ქეცბაია, თაკო ჩხეიძე, რუსა ჩაჩუა და სხვა ცნობილი ქართველები დიდი მატჩის მოლოდინში: რა ხდება დორტმუნდის ქუჩებში?
ევროპის ჩემპიონატის ისტორიული მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. დღეს, 18 ივნისს, საღამოს, 20:00 საათზე გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს მატჩს.
გულშემატკივრებმა მზადება ჯერ კიდევ 26 მარტის საღამოს დაიწყეს, როდესაც ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთი დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა.
ქართველი ქომაგები უკვე გერმანიაში არიან. მათ შორის, უამრავი ცნობილი ადამიანი და ფეხბურთის ვარსკვლავი.
მათ კი, ვინც გერმანიაში ჩასვლა ვერ მოახერხა, შეუძლიათ ისტორიულ მატჩს სხვა გულშემატკივრებთან ერთად, საღამოს მიხეილ მესხის სტადიონზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ადევნონ თვალი.
გერმანიაში არიან ძმები არველაძეები, თემურ ქეცბაია, ზურა ხიზანიშვილი. ასევე გვანცა დარასელია, სალომე ღვინიაშვილი, ნინუცა ორჯონიკიძე, ნიკა წულუკიძე, ლიკა კვარაცხელია, თაკო ჩხეიძე შვილებით. ისინი სპეცრეისით გაფრინდნენ საქართველოდან.
"დორტმუნდში პატარა საქართველოა" - წერს თაკო ჩხეიძე და ფოტოს გვიზიარებს.
პოლიტიკოსებიდან გერმანიაში ჩაფრინდა ბექა ოდიშარია ცოლთან, მაკუნა გამცემლიძესთან და შვილთან ერთად.
ევროპის ჩემპიონატს გერმანია მესამედ მასპინძლობს. 14 ივნისს ჩემპიონატი მიუნხენში, "ალიანს არენაზე“ გაიხსნა. ფინალი კი 14 ივლისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება.