მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით ექნება - „ეს რამდენიმე დღესთან იქნება დაკავშირებული“ | Allnews.Ge

მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით ექნება - „ეს რამდენიმე დღესთან იქნება დაკავშირებული“

მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. ამის შესახებ GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, უკვე გამოვლენილია კონტრაქტორი კომპანია, რომელიც წიწამურთან მდებარე მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით, სამუშაოებს შეასრულებს. როგორც მან აღნიშნა, მოხდება ამ გრუნტის მოხსნა, გაკეთდება შესაბამისი ტერასები, რაც "ერთის მხრივ, უზრუნველყოფს, რომ დროულად აღდგეს დაზიანებული მონაკვეთი და მეორეს მხრივ, გამორიცხავს სამომავლო რისკებს".

„უკვე დაწყებული აქვს კონტრაქტორს მობილიზაციის სამუშაოები და უახლოეს მომავალში დაიწყება ინტენსიური ღონისძიებები. დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი, რა თქმა უნდა, ეს რამდენიმე დღესთან იქნება დაკავშირებული და არ იქნება ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა, მას შემდეგ, რაც დაიწყება უშალოდ სამუშოების წარმოება უფრო ნათელი იქნება სურათი, თუ რამდენ დღესთან იქნება დაკავშირებული.

ხვალიდან უკვე სამუშაოები დაწყებული იქნება.

იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ სამუშაოებს მოვრჩებით, ჩვენს ქსელში უკვე ჩავატარეთ სამუშაოები, რაც იმას გულისხმობს, რომ ის დეფიციტი, რომელიც წარმოშვა დაზიანებული მონაკვეთიდან, წყალსადენის მილიდან, წყლის მიუწოდებლობამ, დავაბალანსეთ, დაახლოებით 30% სხვადასხვა რესურსების ალოკაცია მოვახდინეთ. ხვალ დილიდან უკვე ჩაირთვება რეჟიმი ამ მომხმარებლებთან მიმართებით, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ 3 საათიან მიწოდებას დღის განმავლობაში და მაქსიმუმ 7 საათიანს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აბსოლუტურად წყლის გარეშე ვტოვებთ მომხმარებლებს, სამუშაოები წარმოების განმავლობაში და მეორე, ძალიან მოხარული ვიქნები, შემეძლოს თქმა, რომ სამუშაოებს ხვალ დავიწყებთ და ზეგ დავამთავრებთ, თუმცა სირთულიდან გამომდინარე, არ მინდა ვინმე შეცდომაში შევიყვანო. ამიტომ ვამბობ, სამუშაოები დაიწყება ხვალვე და დასრულდება მაქსიმალურად მოკლე ვადაში“,- განაცხადა გიგა ნადირაძემ.

ცნობისთვის, როგორც კომპანია, განმარტავს, ავარიულად დაზიანებულია სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება.

კომპანიის განმარტებით, დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია „ჯივიპის“ ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.

აღნიშნულის შედეგად, მოსახლეობის ნაწილს, წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.